რას ფიქრობს ვეტერანი რუუდ ვან ნისტელროი თავის ყოფილ თანაგუნდელზე კრიშტიანუ რონალდუზე იმიტომ გახდა საინტერესო, რომ „იუვენტუსის” კარში გატანილი საოცარი მაკრატელა დარტყმით პორტუგალიელმა მისი რეკორდი მოხსნა: ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი, რონალდუმ კი მეათეშიც შეაგდო.

საინტერესოა, რომ რონალდუ და ვან ნისტელროი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში დიდად ვერ მეგობრობდნენ. ერთხელ, ვარჯიშზე შელაპარაკებაც კი მოსვლიათ. მიზეზი: ვან ნისტელროიმ კრიშტიანუსა და „იუნაიტედის” ყოფილი ასისტენტი-მწვრთნელის კარლუშ კეირუშის კარგ ურთიერთობაზე რაღაც დამცინავი თქვა. არადა, კეირუში და რონალდუ თანამემამულეები არიან და უცხო ქვეყანაში მათი კარგი ურთიერთობა თითქოს გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო.

წარსულში რთული ურთიერთობის მიუხედავად ვან ნისტელროის რონალდუს მიერ მისი რეკორდის მოხსნა არ სწყენია და „იუვენტუსთან” შესრულებულ მაკრეტელას მსოფლიო კლასისა უწოდა.

„როდესაც კრიშტიანუ „მანჩესტერ იუნაიტედში” მოვიდა, სულ ყმაწვილი იყო, მაგრამ უკვე ძალიან კარგად იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში. მახსოვს, როგორ თქვა: „მინდა მასოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე!” როდესაც ასეთ რამეს უსმენ, თავიდან ფიქრობ: მიდი, ბიჭუნა გააგრძელე ოცნება. მაგრამ რონალდუს ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ ის დასახულ მიზნამდე მიიყვანა. მისი შედეგები ფანტასტიკურია”, — თქვა 41 წლის ვეტერანმა.