ანტონიო კონტემ ჯანლუკა ვიალის ბრალდებას უპასუხა. ვიალიმ თქვა, რომ კონტეს ერთი სული აქვს როდის დამთავრდება სეზონი და როდის წავა „ჩელსიდან”, რაზეც „ლურჯების” თავკაცმა თქვა, რომ ვიალი წელიწადზე მეტია არ უნახავს და შეუძლებელია მისი სურვილები იცოდეს.
„ყველა ვინც მიცნობს დაადასტურებს, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობების 120 პროცენტს ვდებ. „ჩელსისთან” კონტრაქტი მაქვს და დაუღალავად ვმუშაობ” — თქვა კონტემ.
აქ ჩავურთოთ, რომ ჯანლუკა ვიალი „ჩელსის” 1998-2000 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა მოიგეს ევროპის თასების მფლობელთა თასი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი.
„ჯანლუკა ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მასთან წელიწადზე მეტია არ მილაპარაკია. ის უკვე დიდი ხანია რაც ჟურნალისტად მუშაობს. ჩვენ ერთად ვთამაშობდით „იუვენტუსში”, ერთად მოგვიგია ჩემპიონთა ლიგა. ბოლოს რომ შევხვდით, ერთად ვისადილეთ.
ჯანლუკას სიტყვებს შეეძლო ჩემთვის გული დაეწყვიტა, მაგრამ მის პროფესიას ვითვალისწინებ. ის თავის სამუშაოს ასრულებს, თავის ვარაუდს გამოთქვამს. მე კი სხვა აზრი მაქვს. ის ხალხი, ვინც მიცნობს გეტყვით რაც არის ჩემი სურვილი — აქ დავრჩე და მუშაობა განვაგრძო. მათ იციან, რომ ამწუთას გაბრაზებული და გულდაწყვეტილი ვარ. ყველა ღონეს ვხმარობ მდგომარეობა რომ გამოვასწორო. სამსახურიდან შინ დაბრუნებული სინდისთან ყოველთვის მართალი ვარ, რადგან ვიცი რომ ბოლომდე დავიხარჯე. ხანდახან ჩაძინებაც კი მიჭირს”, — დასძინა „ჩელსის” თავკაცმა.