„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 6 მაისს, „ელ კლასიკოს” დღეს, „ბარსელონას” საპატიო დერეფანს არ მოუწყობს — ცხადია, ლაპარაკია იმ შემთხვევაზე თუ „ბლაუგრანა” მანამდე გაინაღდებს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, სეზონის პირველი „ელ კლასიკოს” დღეს, აბუ დაბიდან კლუბთა მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ მადრიდელებს „ბარსელონამ” არ მოუწყო საპატიო დერეფანი.

მადრიდის „ატლეტიკოსთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ესპანელმა ჟურნალისტებმა ზიდანს ამ თემით ბევრი უტრიალეს. 45 წლის ფრანგმა უპასუხა:

„არ ვიცი რამდენჯერ აპირებთ ერთი და იმავე კითხვის დასმას. ვფიქრობ, ჩემი პასუხი მკაფიოა. გადაწყვეტილება მივიღე და მორჩა.

საპატიო დერეფნის აზრი არ მესმის, მითუფრო, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ შორია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტრადიცია „ბარსელონამ” დაარღვია. ასე რომ, არანაირი დერეფანი არ იქნება”.