გუშინ იყო, „ბაიერნმა“ და „რეალმა“ თითქმის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, დღეს კიდევ „ბარსელონამ“ და „ლივერპულმაც“ დიდი ანგარიშით მოიგეს. რაღას ვუყუროთ საპასუხო მატჩებში? დავიჯეროთ, ამ ოთხიდან რომელიმე გავარდება? ძალიან გაგვიკვირდება.
მოკლე მონაკვეთებში ენფილდელებმა როგორი აფეთქება იციან, ეს 13 წლის წინანდელ სტამბულის ფინალიდან გვახსოვს. „ლივერპულმა“ ოცწუთიანი ჯოჯოხეთი მოუწყო „სიტისაც“, სამი გოლი დაუხატა და მერე აღარც გაუშვია.

მოჰამედ სალაჰმა არც ამჯერად მოისვენა უგოლოდ, მაგრამ ყველაზე მაგარი გოლი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანა და მერე სადიო მანემაც ჩაათავურა.

პეპ გვარდიოლამ ამასწინათ განაცხადა, მთავარია პრემიერლიგა მოვიგოთო. ამის გამო დაუცაცხანეს პრესაში, აქაოდა, თავს იზღვევსო. მართალი ყოფილა პეპი. ეტყობა, იცოდა რასაც ამბობდა. კარის ჩარჩოში 0 დარტყმა – ლაპარაკია „სიტიზე“!..

ლივერპული 3:0 სიტი 

ლივერპული. ენფილდი

გოლები: 1:0 სალაჰი (12), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (20), 3:0 მანე (31)

ლივერპული: კარიუსი, რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალექსანდერ-არნოლდი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მორენო 85), მილნერი, ჰენდესონი, მანე, ფირმინო (სოლანკე 71), სალაჰი (ვაინალდუმი 53)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სიტი: ედერსონი, კომპანი, ოტამენდი, უოლკერი, ლაპორტე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (სტერლინგი 57), დე ბრიუნე, სანე, გაბრიელ ჟეზუში

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გაფრთხილება: ოტამენდი (45), გაბრიელ ჟეზუში (76), დე ბრუინი (80), ჰენდერსონი (86), სტერლინგი (90)

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

მეორე მატჩში საკვირველი არაფერი მომხდარა, გარდა ერთისა: რომაელებმა უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე ბარსელონელებმა. მაინც კატალონიელებმა მოიგეს – 4:1. ეს როგორ და, „რომას“ ლიდერებს, დანიელე დე როსისა და კონსტანტინოს მანოლასს კარი აერიათ. ლეო მესი უგოლოდ დარჩა, მაგრამ აიტანს როგორმე…

ბარსელონა 4:1 რომა 

ბარსელონა. კამპ ნოუ

გოლები: 1:0 დე როსი (38 ს.კ.), 2:0 მანოლასი (56 ს.კ.), 3:0 პიკე (59), 3:1 ჯეკო (80), 4:1 ლ.სუარესი (87)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, სემედო, ინიესტა (დ.სუარესი 84), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (პაულინიო 66), სერხი რობერტო (ანდრე გომეში 83), ლ.სუარესი, მესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რომა: ალისონი, კოლაროვი, ფასიო, მანოლასი, პერესი, პელეგრინი (გონალონი 61), დე როსი (დეფრელი 77), სტროოტმანი, პეროტი, ჯეკო, ფლორენცი (ელ შაარავი 72)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გაფრთხილება: კოლაროვი(44), სტროოტმანი (86)

მსაჯი: დანი მაკელე (ჰოლანდია)

 

წილი
წინა სტატიასპორტომანი
შემდეგი სტატიაჩაწიხლეთ „სიტი” სტადიონამდე!
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.