ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო რიველინო 1946 წლის 1 იანვარს სან პაულუში დაიბადა და შაბათს, ახალ წელს 58 წლისა ხდება.
თამაშობდა „კორინთიანსში“, „ფლუმინენსეში“ და „ჰილიალ ერ რიადში“ (საუდის არაბეთი). ფეხბურთის თამაშს კი 1981 წელს დაანება თავი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 94 შეხვედრა, გაიტანა 26 გოლი.
პირველი მატჩი: 1968 წლის 9 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ მონტევიდეოში (2:0).
ბოლო მატჩი: 1978 წლის 24 ივნისს იტალიის წინააღმდეგ ბუენოს აირესში (2:1).
ტიტულები: 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი; 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილი; რიო-სან აპაულუს ჩემპიონი (1969), რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონი (1975, 1976), საუდის არაბეთის თასის მფლობელი (1980, 1981)
რეკორდი
რიველინომ, რომელსაც „კორინთიანსის“ ქომაგები პარკის პატარა მეფეს უწოდებდნენ (ლაპარაკია სტადიონ „პარკ სან ჟორჟიზე“), გუნდში 12 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე 165 გოლი გაიტანა, რომელთაგან მხოლოდ ერთზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
1974 წლის ამბავზე მოგახსენებთ, „კორინთიანსი“ „ამერიკას“ რომ ეთამაშებოდა. მსაჯმა ბურთი ცენტრში დადო და ჩასტვინა, „კორინთიანსის“ ფეხბურთელებმა შეხვედრა დაიწყეს, ბურთს რიველინო შეეხო – ცენტრში იდგა – აიხედა და დაინახა, რომ მეტოქის პრანჭია მეკარე ირანდირა კარის უკან შეკრებილ ფოტორეპორტიორებს ესალმება. რიველინომ დაარტყა და… გაიტანა. მსაჯის საათზე მეექვსე წამი იდგა.
ეს გოლი მთელი 20 წლის განმავლობაში ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გოლად, რეკორდი მხოლოდ 1995 წლის 6 დეკემბერს დაემხო – ავსტრალიაში, „ადელაიდა სიტისა“ და „სიდნეი იუნაიტედის“ შევედრაში დემიენ მორიმ გოლი სასტარტო სასტვენიდან 3,68 წამის შემდეგ გაიტანა.
დაგვეთანხმებით, სხვა ეპოქაა და წამზომებიც გაცილებით დახვეწილია!
აქეთური-იქეთური
ფეხბურთის ავან-ჩავანს რიველინოზე დაკვირვებით ვსწავლობდიო, არც მეტი, არც ნაკლები, თვით დიეგო მარადონას აქვს ნათქვამი.
„ჩემთვის სამაგალითო იყო მისი დრიბლინგი, ზუსტი პასები და დარტყმები, რომელთაც ვერავინ იგერიებდა“ – ამბობს დიეგო.
რიველინო ძალიან დიდი ხნის წინ, 1970 წელს დაოჯახდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მექსიკაში მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, იმ ამბიდან ერთ კვირაში. ჯვარი სან პაულუს კათედრალურ ტაძარში დაიწერა. ცერემონიალს მთელი სელესაო ანუ ნაკრები ესწრებოდა პელეთი დაწყებული, ვისითაც გნებავთ დამთავრებული. სელესაომ რიველინოს (ალბათ სხვა საჩუქრებთან ერთად) ხელმოწერებიანი ბურთი უძღვნა. ცხადია, იმ ბურთზე თავად რობერტოს ხელმოწერა არ იყო.
ჰობი რიველინოს ასეთი აქვს – ფერად-ფერადი კოლიბრების შეგროვება. კოლიბრი პაწაწინა ჩიტია. საინტერესო ამბავს გეტყვით: როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა ხელფასების მომატება მოითხოვეს, რიველინომ მიზეზიც დაასახელა, ფრინველების საკვები გაძვირდა და მეტი ფული მჭირდებაო.
ჯერ კიდევ ბურთს თამაშობდა, როდესაც ბენზინგასამართი სადგური გახსნა. ხანდახან თვითონაც მორიგეობდა და, რა გასაკვირია, მისი მორიგეობისას სადგურის წინ რიგი დგებოდა – ყველას იქ უნდოდა ბენზინის ჩასხმა.
მწვრთნელობაში რიველინომ ვერ ივარგა. იაპონიაში, „სიმიძუ სი პლუსში“ მოსინჯა ძალები, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სამაგიეროდ, სან პაულუში ბავშვთა ფეხბურთის ორი სკოლა გახსნა და ეს სკოლები უკვე 20 წელიწადია არსებობენ.
80-იანი წლებიდან რობერტო რიველინო ტელეკომპანია „ბანდეირანტესში“ მიკროფონს მიუჯდა და დღემდე ამ საქმითაა დაკავებული.
ელასტიკო
ზემოთ გითხარით, რომ რიველინომ ნაკრებში 94 მატჩი ითამაშა და 26 გოლი გაიტანა. დახეთ, შედეგს: ამ მატჩებიდან ბრაზილიელებმა მხოლოდ 9 წააგეს, თუმცა ახლა ამაზე ნურაფერს ვიტყვით. სჯობს, ელასტიკოზე ვთქვათ, რაც რობერტო რიველინოს საფირმო ფინტი გახლავთ.
ელასტიკო ასე სრულდება: მეტოქის პირდაპირ აღმოჩენილი რიველინო ფეხს ისე ამოძრავებს, თითქოს ტერფის გარეთა მხრით აპირებს ბურთის გაგდებას და მოწინააღმდეგის აქედან შემოვლას, სინამდვილეში კი ბურთს ტერფის შიგნითა მხრიდან ეხება და საპირისპირო მიმართულებით მიეშურება. საინტერესოა, რომ თავად რიველინო აცხადებდა, რომ მასზე უკეთ, თან ორივე ფეხით, ამ ფინტს ასრულებდა „კორინთიანსის“ თავდამსხმელი სერჟიო ეშიგო.
58 წლის წინ და მერე
რობერტო რიველინო 1946 წლის 1 იანვარს „პალმეირასის“ გულშემატკივართა ოჯახში დაიბადა, თუმცა, რომ წამოიზარდა, „პალმეირასმა“ დაიწუნა. ამიტომაც მივიდა „კორინთიანსში“, მაშინ 12 წლისა იყო, 19 წლისას კი უკვე დიდ გუნდში ჰქონდა დებიუტი.
მსოფლიომ რიველინოს ყურადღება პირველად 1968 წლის ნოემბერში მიაპყრო. მას კანტიკუნტად უკვე ჰქონდა ნათამაშევი სელესაოში, მაგრამ ახლა რომ მოგახსენებთ, ის საჩვენებელი მატჩი იყო – რიოში ბრაზილია მსოფლიოს ნაკრებს შეხვდა. ბრაზილიამ 2:1 მოიგო, ფრანც ბეკენბაუერმა კი თქვა: „ვიცოდით, რომ ბრაზილიას ჰყავდა პელე, ამიერიდან კი გვეცოდინება, რომ მას ჰყავს რიველინო“.
რიველინომ მარცხენა ფეხით თამაში იცოდა. მარადონამდე სწორედ მასზე ამბობდნენ, როდესაც ასეთი მარცხენა ფეხი გაქვს, მარჯვენა რაღად გინდაო. იგი საოცრად არტყამდა. მის დარტყმას მექსიკაში ატომური აფეთქება – „პატადაატომიკა“ შეარქვეს. წერდნენ, რომ მის ფეხში დინამიტი და სისხლის ლავაა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხებული იტალიის ნაკრების მეკარე ალბერტოზიმ მერე აღიარა, რომ როდესაც რიველინო ჯარიმის დასარტყმელად ბურთთან მიდიოდა, ის თავს უმწეოდ გრძნობდა.
ალბათ იმიტომ, რომ რობერტო პირდაპირზე არანაკლებ ოსტატურად ხმელ ფოთოლს არტყამდა.
ხალხის მტერი
1981 წელს რიველინომ ფეხბურთის თამაშს თავი საუდის არაბეთში დაანება. მაშინ ერ რიადში იქაური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო პრინცი ჰალიდი, რომელმაც ბრაზილიელი ვეტერანი ლამის მართლაც გამოაცხადა საუდელი ხალხის მტრად. მიზეზი: რიველინომ თამაშის დროს იჩხუბა – „ეტიჰადის“ ფეხბურთელს სახეში მუშტი დაჰკრა. ეს იყო და ეს.
ისე კი, რიველინოსთვის ეს პირველი სულაც არ იყო. უბრალოდ, საახალწლოდ თავ-პირის მტვრევაზე საუბარი წესი არა გვგონია.
28.12.2004