თბილისში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. მოჭადრაკეებმა რაპიდით (სწრაფი პარტიებით) დაიწყეს და ბლიცით (ელვისებური პარტიებით) დაასრულეს.
რაპიდი გერმანელმა ელიზაბეტ პეცმა მოიგო, რომელმაც 11 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, დანარჩენები ყაიმით დაასრულა და 4 სხვა მოჭადრაკესთან ერთად 8 ქულა დააგროვა. დამატებითმა მაჩვენებლებმა სწორედ გერმანელი ქალბატონი აქცია ჩემპიონად. მეორე ადგილზე რუსი ანა ბონდარიუკი გავიდა, მესამეზე კი მსოფლიოს მე-15 ჩემპიონის, უკრაინელ მარია მუზიჩუკის ღვიძლი და ანა მუზიჩუკი, რომელსაც მომდევნო დღეს მეტი სიხარული ელოდა ბლიცში ოქროს მედლის მოგების სახით. ვერცხლი რაპიდის ტრიუმფატორ პეცს ერგო, ბრინჯაო კი – პოლონელ მონიკა სოცკოს.
ბლიცი 13-ტურიანი იყო. მუზიჩუკი იმდენად ყოჩაღი გამოდგა, რომ ბოლოსწინა ტურშივე გაინაღდა ჩემპიონობა და ბოლო პარტიაში ბრძოლით თავიც არ მოუკლავს. პეცმა სოცკოს მსგავსად 9,5 ქულა დააგროვა და ეტყობა ჭადრაკის ქალღმერთ კაისას მისი დიდი სიმპათია აქვს, რადგან დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გასვლაში აქაც შეეხიდა. 9,5 ქულა დაუგროვდა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძეს, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
რაპიდი 78 მოჭადრაკემ ითამაშა, ხოლო საპრიზო ფონდი 14 500 ევრო იყო, საიდანაც გამარჯვებულმა 2 ათასი მიიღო. ბლიცში მანდილოსნების რაოდენობა ერთით ნაკლები იყო და საპრიზო ფონდიც შედარებით მოკრძალებული 6 ათასი ევრო, საიდანაც გამარჯვებულს 1500 მიუთვალეს.
შეჯიბრში ქართველი მოჭადრაკეებიც გამოდიოდნენ, რომელთაც მედლებამდე ცოტა დააკლდათ.