28 წელიწადი არ წაეგო „ჩელსის” „ტოტენჰემთან” „სტემფორდ ბრიჯზე”, კვირას კი 1:3 დამარცხდა და „ლურჯების” მწვრთნელის ანტონიო კონტეს კლუბიდან წასვლას კიდევ ერთი ძახლის ნიშანი დაუსვა — აბა, სად გაგონილა ჩემპიონი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ ხვდებოდეს. იმას, რომ გუნდს ჯერ კიდევ აქვს ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგების შანსი (ნახევარფინალშია), ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ამრიგად, ზაფხულში კონტე სავარაუდოდ წავა. ვინ დაიკავებს მის ადგილს? „მირორი” წერს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც რომან აბრამოვიჩი კანდიდატების ძიებას შეუდგება ბუნდოვანია, თუმცა მაინც შეიძლება იმ მწვრთნელების ჩამოთვლა, რომელთაც ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
ლუის ენრიკე
სამ სეზონში „ბარსელონას” ორჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოაპოვებინა — დიდებული შედეგია, რომლის მიუხედავად სამშობლოში ალბათ, მაინც არ აფასებენ ჯეროვნად. „ბარსელონას” შემდეგ ერთი წელიწადი დაისვენა. მანამდე ჰქონდა ცუდი პერიოდი „რომაში” და შედარებით უკეთესი „სელტაში”. არსებობს ეჭვი, რომ „ბარსელონასთან” შედარებით დაბალი დონის ფეხბურთელებთან თავის ფილოსოფიას ხორცს ვერ შეასხამს.
მასიმილიანო ალეგრი
ნაკლებ სავარაუდო ვარიანტია, თუმცა თუ ძალიან გაჭირდა „ჩელსიმ” შესაძლოა მაინც მიმართოს „იუვენტუსის” თავკაცს. ის ტაქტიკა, რომელსაც კონტე მისდევდა ალეგრისთვის ნაცნობია და ლონდონელებს, ფაქტობრივად გამოუვათ თავკაცის შეცვლა მსოფლმხედველობის შეუცვლელად.
თომას ტუხელი
როდესაც ტუხელს „დორტმუნდში” ცუდად წაუვიდა საქმე, დაწერეს, „ჩელსიში” წავაო. ამბობენ, რომ „ლურჯების” შეფები მის ვარიანტს ახლაც განიხილავენ. ტუხელს უყვარს ინტენსიური, შემტევი ფეხბურთი, მაგრამ „ჩელსიში” ამ სტილის დასანერგად გერმანელს ახალი ფეხბურთელების შეძენა ანუ სატრანსფერო ბაზარზე ფულის ხარჯვა მოუწევს.
ბრენდენ როჯერსი
„ლივერპულიდან” წასვლის შემდეგ როჯერსმა „სელტიკში” იმუშავა, ოსტატობა აიმაღლა და ბუნებრივია, რომ პრემიერლიგის ტოპ-დონეზე დაბრუნება სურს. მას უყვარს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა, ენდობა მათ, რაც ისეთი კლუბისთვის, რომელიც თავის აღზრდილებს მაინცდამაინც ვერ იყენებს, მისწრება იქნება.
კარლო ანჩელოტი
თუ „ჩელსის” მშვიდი ხელმძღვანელი უნდა, ანჩელოტის უნდა მიაკითხოს, რომელსაც თავის დროზე ცოტა არ იყოს დაუნდობლად მოეპყრა. იტალიელი ახლა ისვენებს. კონტესგან განსხვავებით „მილანის”, „რეალის” და „პარი სენ ჟერმენის” ყოფილ თავკაცს სატრანსფერო ბაზარზე ფულის ხარჯვა არ უყვარს. არსებულ კონტიგენტთანაც კარგად მუშაობს.
ფრენკ ლემპარდი
„ჩელსის” თავდადებულ ვეტერანს ახლა თავდადებული მწვრთნელობა სურს, მაგრამ ამ საქმიდან რა გამოვა კაცმა არ იცის. ლემპარდს არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, თუმცა ფაქტია, „ლურჯების” თავგადაკლულ ფანებს გაახარებს და ტრიბუნაზე ომახიანად შემოძახებისთვის ახალ სიმღერებს მოაგონებინებს.