დანი ალვეში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა — 35 წლის ბრაზილიელმა 36-ე ტროფი მოიპოვა. ეს ჯილდო გახლავთ საფრანგეთის ლიგის თასი, რომლის ფინალში პსჟ-მ „მონაკო” 3:0 დაამრაცხა.
ალვეშამდე ყველაზე ტიტულიანი მისი თანამემამულე მაქსველი იყო. ალვეში მას 2017 წლის აგვისტოში დაეწია, როდესაც პარიზელებთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი მოიპოვა.
რეკორდსმენმა მცველმა კარიერა 2001 წელს „ბაიაში” დაიწყო და ამ ბრაზილიურ კლუბთან ერთად მეორე სეზონში „კოპა დე ნორდესტე” მოიგო. „ბაიადან” ალვეში ესპანურ „სევილიაში” გადავიდა, სადაც პირველი სამი წლის განმავლობაში ვერაფერი მოიპოვა, თუმცა 2006 წელს არც მეტი არც ნაკლები უეფას თასს გამოჰკრა ხელი. „სევილიამ” და ალვეშმა უეფას თასი შემდეგ წელიწადსაც მოიგეს, შუაში კი ევროპის სუპერთასით დაიმშვენეს ხელი.
2007 წელს „სევილიას” შემადგენლობაში ბრაზილიელმა ესპანეთის „სამეფო თასი” აღმართა, ხოლო შემდეგ ესპანეთის სუპერთასზე „რეალს” სძლია.
იმავე ზაფხულს რეკორდსმენმა პირველი სანაკრებო ტროფიც მოიპოვა: ბრაზილიამ „კოპა ამერიკას” ფინალში არგენტინას შთამბეჭდავად 3:0 მოუგო. მესამე გოლი თავად დანი ალვეშმა გაიტანა.
2008 წელს დანი ალვეში „ბარსელონამ” იყიდა. კატალონიური გუნდის შემადგენლობაში მან 8 წელიწადი დაჰყო სადაც ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ „სამეფო თასი” მოიპოვა, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, სამჯერ ევროპის სუპერ თასზე და სამჯერაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონობა მიითვალა.
ამავე პერიოდში იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებულმა ვარსკვლავმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ორჯერ აღმართა კონფედერაციათა თასი.
2016 წელს ალვეში „იუვენტუსში” გადავიდა, სადაც ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.
2003 წელს მოგებული 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონობა ალვეშს მთავარ ჯილდოებში არ ჩაუთვალეს.
ტიტულების რაოდენობით „პარი სენ ჟერმენის” განაპირა მცველს მოსდევენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანდრეს ინიესტა, რომელთაც ერთნაირად 33 ჯილდო აქვთ მოპოვებული.