„ტიაგო ან არავინ!” — ასეთი გახლდათ პეპ გვარდიოლას ულტიმატუმი, როდესაც ის „ბაიერნში” იწყებდა მუშაობას. მან თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონას” ნახევარმცველი მოითხოვა. ბავარიელმა ბოსებმა მისი სურვილი შეასრულეს და ხუთი წლის წინ ტიაგო ალკანტარა 25 მილიონ ევროდ ბუნდესლიგაში გადავიდა.

ახლა კი „დონ ბალონი” წერს, რომ ამ ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელი შეიძლება „ბაიერნიდან” წავიდეს. მისი შეძენით რამდენიმე ძლიერი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის მადრიდის „რეალი” და „ატლეტიკო”.

მაზინიო ვაჟებთან ტიაგოსთან და რაფინიასთან

ესპანური გამოცემის თანახმად, ტიაგოს მამას, 1994 წლის ბრაზილიელ მსოფლიო ჩემპიონს მაზინიოს, რომელიც თავისი ვაჟების აგენტობასაც ითავსებს, ესპანეთის დედაქალაქის ორივე კლუბი დაუკავშირდა. მოგეხსენებათ, მაზინიოს შვილები გახლავან ესპანეთის ნაკრების წევრი, ტიაგო ალკანტარა და რაფინია, რომელმაც მამის სამშობლოს უერთგულა — ბრაზილიის ნაკრებში 2 თამაში აქვს ჩატარებული. რაფინია „ინტერის” ფეხბურთელია, მილანში „ბარსელონადან” იჯარით მოხვდა.

ტიაგო ალკანტარას მადრიდში გადასვლაზე ლაპარაკი ვინმეს შესაძლოა უხერხულად ეჩვენოს, რადგან ის „ბარსელონას” სკოლის აღზრდილია და თავადაც „ბლაუგრანაში” დაბრუნებაზე ოცნებობს. თუ „ბარსელონას” ვარიანტი არ გამოუვა, ალკანტარა გვარდიოლასთან „მანჩესტერ სიტიში” გადასვლას ინატრებდა.

„ბარსელონა ყოველთვის ჩემი სახლი იქნება, — თქვა ტიაგომ ერთ-ერთ ინტერვიუში, — მე მარტო კლუბი კი არა, ქალაქი მიყვარს. ფეხბურთი ისეთი ბიზნესია, სადაც მოვლენები სწრაფად იცვლება, ასე რომ ჩემი შინ დაბრუნება გამორიცხული სულაც არ არის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

რასაკვირველია, ამ ისტორიაში მთავარი სიტყვა „ბაიერნს” ეკუთვნის. მიუნხენის კლუბს ბრაზილიური წარმოშობის ესპანელთან 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი და სრულიად შესაძლებელია მოთამაშე დაიტოვოს.