„ბაიერნმა” ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი” 6:0 გაანადგურა, თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არა ბუნდესლიგის ერთგუნდიანობა, არამედ ბავარიული კლუბის აღმასრულებელი ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მატჩის წინანდელი ნათქვამი წარმოადგენს:
„მომდევნო მწვრთნელის ვინაობას მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გამოვაცხადებთ. — თქვა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, — ჩვენ გერმანულენოვანი თავკაცი გვჭირდება. აქამდე იმედი გვქონდა, რომ იუპ ჰაინკესთან გავაგრძელებდით თანამშრომლობას, მაგრამ ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ არის. ჰაინკესი სეზონის ბოლოს მწვრთნელობას თავს ანებებს”.
ბოლოხანს, „ბაიერნთან” დაკავშირებით მუდმივად ახსენებდნენ „დორტმუნდის” ყოფილ თავკაც თომას ტუხელს.
„ჩვენი სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ყველა კანდიდატს ელაპარაკა, მათ შორის ტუხელსაც, რომელმაც უპასუხა, რომ უკვე სხვა კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი. არა უშავს, ეს პრობლემა არ არის”, — თქვა რუმენიგემ.