გერმანულ WAZ-თან ინტერვიუში, „დორტმუნდის” აღმასრულებელმა შეფმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ კლუბში კონსულტანტად ყოფილი ვარსკვლავი, 50 წლის მათიას ზამერი მოჰყავს.
„ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც ზამერია. გვჭირდება მისი ანალიზის უნარი, მისი ჟინი, ავტორიტეტი და მოვლენათა ნათელი ხედვა გარედან. ევროსპორტის ექსპერტად მუშაობის პერიოდში ზამერმა დაგვარწმუნა, რომ მოვლენათა სწორი აღქმის დიდებული უნარი აქვს”, — თქვა ვაცკემ.
რას ნიშნავს კონსულტანტი? როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა, რომელსაც ეს უცნაური თანამდებობა უკავია?
გეგმის თანახმად, ზამერი დორტმუნდში არ გადასახლდება, ის მიუნხენში გააგრძელებს ცხოვრებას, საიდანაც ვაცკესა და სპორტულ დირექტორ მიხაელ ზორკს რჩევებს მისცემს.
ვაცკე: „ჩვენ გვსურს ყველაფერს კრიტიკის თვალით ვუყუროთ. ზამერს დაევალება კამათის და განხილვის თემები მოგვაწოდოს. კერძოდ, ის ტრანსფერებთან და სამწვრთნელო საკითხებთან დაკავშირებული იდეებით მოგვამარაგებს”.
ვაცკესა და ზამერის თანამშრომლობა ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან როდესაც ზამერი „ბაიერნის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მათ რამდენჯერმე კონფლიქტი მოუვიდათ.
ვაცკე: „მალევე მივხვდი, რომ მათიასი გაცილებით ძლიერად არის „დორტმუნდთან” დაკავშირებული, ვიდრე ხალხს ჰგონია. ფეხბურთელობის წლებში ის „დორტმუნდის” შემადგენლობაში ორჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1997 წელს ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო. შემდეგ, 2002 წელს, როგორც მწვრთნელმა, მან ჩვენს გუნდს კვლავ ბუნდესლიგის სასალათე აღამართინა”.