ამ ბოლო დროს, ევროპულ მას-მედიაში პეპ გვარდიოლას პიროვნული კრიტიკა მოხშირდა. ჯერ იყო და პიკემ მოიგონა თუ როგორ გაურთულდა მწვრთნელთან ურთიერთობა 2012 წელს, ლამის „ბარსელონადანაც” კი წავიდა; შემდეგ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ამჟამად „მანჩესტერ სიტის” თავკაცს სულ ლაჩარი და ძაღლი უწოდა. და აი, მესამე შეტევა: „ბაიერნის” ექიმი, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ტელეკომპანია ZDF-ის თოქ-შოუში, რომელიც მარკუს ლანცს მიჰყავს, მისი ბავარიული კლუბიდან გაგდების ამბავზე ალაპარაკეს. მოგეხსენებათ, „ბარსელონას” შემდეგ, „მანჩესტერ სიტიმდე”, 2013-2016 წლებში გვარდიოლა „ბაიერნს” ედგა სათავეში.
„პეპს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. მას მიაჩნია, რომ ყველაფერი სხვაზე უკეთ იცის და ვერ ეგუება, როდესაც ვინმე რაიმეში მისი ტოლია. მე კი ჩემი კომპეტენციით მისთვის ძალიან დიდი ფიგურა ვიყავი. ეს მას კალაპოტიდან აგდებდა. ის თავიდან დამპირდა, რომ კარტ-ბლანშს მომცემდა, მაგრამ მომატყუა”, — ბრძანა 75 წლის მედიკოსმა, რომელმაც 40 წელიწადი „ბაიერნში” გაატარა.
მიულერ-ვოლფარტმა გაიხსენა 2015 წლის აპრილი, „პორტუსთან” 1:3 წაგების მეორე დღე, როდესაც გვარდიოლამ ის სამსახურიდან გააგდო.
„ოთახში ღრიალი იდგა. ასეთი რამ მანამდე ცხოვრებაში არ გადამხდენია. და ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ ხდებოდა. ასეთი შეურაცხყოფის ატანა აღარ შეიძლებოდა. თავმოყვარეობის ამბავი იყო. ავდექი და კლუბიდან წავედი”.
იმ დროს „ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი გადასახადების დაფარვის გამო ციხეში იჯდა. მიულერ-ვოლფარტი ამბობს: „ული რომ ყოფილიყო ყველაფერს მოაგვარებდა. ულის ყველაფერი შეუძლია. სამწუხაროდ, ის ციხეში იჯდა”.
ვეტერანი ექიმი არ მალავს, რომ თავიდან გვარდიოლას დიდი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ჩავიდა თუ არა კატალონიელი მიუნხენში, ბევრი რამ პირველივე დღეებში ნათელი გახდა: „სულ რაღაც სამ დღეში მივხვდი, რომ ჩვენს თანამშრომლობას მომავალი ვერ ექნებოდა”.
მიულერ-ვოლფარტმა თქვა, რომ კატალონიელი მხოლოდ ერთ უფლებას აღიარებდა — ფეხბურთელების ტკივილის უფლებას: „სამედიცინო საკითხებს ის სრულებით უარყოფდა”.
გასული წლის ნოემბერში ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი „ბაიერნში” დაბრუნდა. ერთი ხნის შემდეგ მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ხედვა ხელებით: ჩემი ცხოვრება და ჩემი მედიცინა”. ამ წიგნში ვეტერან მედიკოსს მისი და პეპ გვარდიოლას ურთიერთობის შესახებაც უწერია.