ხორვატი ივან შარიჩი ბათუმში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფიდეს რეიტინგ-ლისტით მსოფლიოში ზუსტად მე-100, ევროპაში – 69-ე და ხორვატიაში უძლიერესმა დიდოსტატმა 11 პარტიიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით გაუსწრო. ოქროს მედალთან ერთად მან 20 ათასი ევრო მიიღო.
ქართველი მოჭადრაკეებიდან 6,5 ქულა ოთხმა მოჭადრაკემ დააგროვა (მიხეილ მჭედლიშვილი, დავით არუთინიანი, თორნიკე სანიკიძე, ნიკოლოზ კაჭარავა), 6-ქულიან ზღვარს უწიეს დავით მაღალაშვილმა, ლევან ფანცულაიამ, ირაკლი ბერაძემ, ნოე თუთისანმა, დავით ჯოჯუამ და ლუკა ობოლაძემ, ხოლო მოწინავე ქართველმა მოჭადრაკემ ბაადურ ჯობავამ ამჯერად 5,5 ქულის დაგროვება იკმარა.
