დიდი ამბები ერთი კვირით ადრე მაინც იწყებოდა. საჭიდაოზე ახალი ნახერხი იყრებოდა, სამ რიგად შემოყოლებული სკამების „შეპაჩინკეპაც“ ესწრებოდა, სპარტაკ ჯინორიძე თასებსაც ყიდულობდა და აბსოლუტურში ფალავნის პრიზად დათქმული ცხვარიც კარგა ხნის გადაბმული იყო საორგანიზაციო კომიტეტის რომელიმე წევრის ეზოში.
შაბათ საღამოს ადრიანად იწყებოდა საჭიდაოზე თავმოყრა.
– აი, ხაშურლები მოვიდნენ. ნაბახტეველი ბიჭი მოყავთო. ძაან მაგარი ყოფილა…
– აგე, კასპელები მოდიან…
– მცხეთელებსაც რომ არ დაზარებიათ?!
არადა, ყველას რომ გზისკენ გაურბოდა თვალი, ბერუაშვილები გამოჩნდნენ თუ არაო…
ბოლოს „გაზ-21 ვოლგაც“ გაჩერდებოდა და მამა ბერუაშვილი სამ შვილთან ერთად თითქოს ცხვრის ფერხორციანობის შესამოწმებლად გადმოდიოდა მანქანიდან… ან რა გასაკვირი იყო – სამ ძმას სამბოსა და ძიუდოში სსრკ-ის ათზე მეტი მედალი უგროვდებოდა და ფალავნობაზე ვახშმის ხათრითღა დადიოდნენ…
მერე დაბრუნდაშვილების ბიჭი გამოჩნდა – ჯერ უმცროსი, მერე კი შუათანა ბერუაშვილიც რომ წაიყოლა მოგვერდზე, უფროსთან არ მიუშვეს – წონაში სხვაობა ძალიან დიდი იყო…
სხვა ტალანტებიც დაბადებულან „ბელორუსი“ ტრაქტორების ფარების შუქზე…
ხუთლარიანი თასები გრანპრის ჯილდოს დარად ჩაუხუტებიათ გულში და ალბათ, დღემდეც სათუთად ინახება სერვანტში…
იმ საღამოს ვინ ჩივის – კიდევ რამდენიმე დღე მიდიოდა მსჯელობა, რომ „იმ გორელს“ კაი მუხლი აქვს, მაგრამ ჩავლება არ უვარგა… ჩვენი „ჩუნა“ მაგარია, მაგრამ აბსოლუტურისთვის პატარაა…
მიდიოდნენ მერე ეს ნახერხგამოვლილი ბიჭები და ტატამზე ახათქუნებდნენ მთელ საბჭოეთს…
„ბელარუსი“ ტრაქტორის შუქზე და სიმინდის ყანაში გაზრდილი ბიჭები…