„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2018-19 წლების სეზონისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა. ამისთვის მას ხუთი ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პერესის მიზანი ნათელია: ლა ლიგაში „ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობა. ცხადია, ახალმა გუნდმა ევროსარბიელზეც წარმატებული სვლა უნდა განაგრძოს.
პირველი, იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელთა შეძენაც „თეთრების” პრეზიდენტს სურს, მეკარე დავიდ დე ხეაა. დე ხეა ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს. პერესს გუნდის ახლანდელი გოლკიპერი კოსტა რიკელი კეილორ ნავასი ათვალწუნებული ჰყავს და მისი შეცვლა უნდა.
დაცვის ცენტრში ფლორენტინო ლეონარდო ბონუჩის შეძენას აპირებს. მისი გეგმა იმას ემყარება, რომ „მილანში”, სადაც დღეს ბონუჩი თამაშობს, საქმეები მთლად კარგად ვერ მიდის და ამიტომ ფეხბურთელი „რეალში” გადასვლაზე უარს ვერ იტყვის. პერესი იმედოვნებს, რომ ვაჭრობაში „იუვენტუსს” აჯობებს.
და მაინც, თუ ბონუჩის ტრანსფერი ვერ გაიჩარხა, „რეალის” პრეზიდენტს სათადარიგო ვარიანტიც აქვს მოფიქრებული — მარკოს ალონსო, 27 წლის მცველი, რომელიც 2016 წლიდან „ჩელსიში” თამაშობს. „რეალში” გაზრდილი ალონსო ფრთაზე თამაშობს, მაგრამ პერესის გათვლით დაცვის გასაძლიერებლად გამოდგება.
ნახევარდაცვის ცენტრში, ლუკა მოდრიჩის დამხმარედ თუ შემცვლელად ფაბიანი მოიაზრება.
ყველაზე მეტად კი პერესს თავდასხმის გაძლიერება სურს და საამისოდ ფულს არ დაინანებს. „რეალის” პრეზიდენტს „ტოტენჰემ ჰოთსპურისგან” ჰარი კეინის ყიდვა უნდა, ხოლო „ლივერპულისგან” მოჰამედ სალაჰის.
და ბოლოს, ამბობენ, რომ „რეალში” შეიძლება მწვრთნელიც შეიცვალოს: ზინედინ ზიდანის ნაცვლად ფლორენტინო პერესი თურმე იოახიმ ლიოვის მიყვანას აპირებს. მოგეხსენებათ, ლიოვი ჯერჯერობით გერმანიის ნაკრებს უდგას სათავეში და კარს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მომდგარი.