ლიტვასთან ოთარ კაკაბაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო

2015 წლის მიწურულს კახა ცხადაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში ამხანაგური 0:3 წააგო. ის დღე იყო, როცა მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენი ნაკრები კი დაუძლურებული ჩანდა.

მას შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა. ჩვენ ერთა ლიგის ბოლო ჯგუფში ვართ, ესტონელები კი ჩვენზე წინ, ბოლოსწინა ჯგუფში მოხვდნენ რეიტინგის მიხედვით.

ესტონელთა მეზობელ ლიტვას სამი დღის წინ შავი დღე ვაყარეთ (4:0) და ეს ანგარიში დღესაც თუ განმეორდა, ბრიყვული წყენისთვის რევანში აღებული გვექნება. დღესაც საღამოს შვიდზეა, დღესაც „მიხეილ მესხზე“ და იმედია, წინანდელზე მეტი მაყურებელი მოვა სტადიონზე.
შემადგენლობა კი მოგვისუსტდა, რადგან ვაკო გვილიას მიკროტრავმა აქვს, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდა წინასწარი შეთანხმებით, ხოლო ჯანო ანანიძე არათუ დღეს, შემოდგომამდე ვერ ითამაშებს – ლიტვასთან, სამწუხაროდ მძიმედ დაშავდა.

ვაკო გვილია ესტონეთთან ვერ ითამაშებს

ეს თამაშიც თუ მოვიგეთ, რეიტინგში უფრო წინ წავიწევთ. თუმცა წლეულს მთავარია, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშოთ.

ცოტა რამ, ესტონეთზეც, რომელმაც იმ დღეს, როცა საქართველო ლიტვას ანადგურებდა, სომხეთში 0:0 ითამაშა. ისეთ კლუბში ჰყავთ ფეხბურთელი, აბა, ჩვენ საიდან… რაგნარ კლავანი „ლივერპულშია“. კარგი შემტევი ნახევარმცველია კონსტანტინ ვასილიევი, რომელიც ნაკრებში 100-მატჩიან ნიშნულს გადასცდა. 19 წლის მატიას კოიტზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის შოტლანდიურ „როსს თაუნში“ თამაშობს და ნაკრებში უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო.

შედეგის და ფეხბურთელთა კონტიგენტის თვალსაზრისითაც, ლიტვაზე ოდნავ ძლიერი ნაკრებია, ასე რომ, იოლ გასეირნებას არ ველით. თანაც, ვაისს ყველა ფეხბურთელი საქმეში სანახავი ჰყავს. დიდი ალბათობით, შედარებით ექსპერიმენტულ თერთმეტეულს დააყენებს.

ჩვენი სავარაუდო თერთმეტეული: მაკარიძე – კაკაბაძე, კვირკველია, ტაბიძე, შერგელაშვილი – კანკავა, კვეკვესკირი, პაპუნაშვილი – მერებაშვილი, ჯიღაური, კაჭარავა

წილი
წინა სტატიარუსეთს დიპლომატიურად შეუტიეს
შემდეგი სტატიაგერმანელებო, ფავრი თავისუფლდება!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...