დიდხანს იმედოვნებდა „ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომ 72 წლის მწვრთნელს იუპ ჰაინკესს კიდევ ერთი წლით დატოვებდა „ბაიერნის” სათავეში. ამაოდ. და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს სათადარიგო ვარიანტად შეგულებულ 44 წლის თომას ტუხელს მიუტრიალდა, „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი უკვე სხვასთან მორიგებული დაუხვდა.
ვინ არის ეს სხვა? როგორც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩის (150) მონაწილე ლოთარ მათეუსი ამბობს, ეს კლუბი ლონდონის „არსენალია”.
„ვფიქრობ, თომას ტუხელი „ბაიერნის” თავკაცის პოსტზე მთავარი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მასთან „არსენალი” აწარმოებს მოლაპარაკებებს”, — თქვა „ბაიერნისა” და „ლივერპულის” ლეგენდების შეხვედრაზე (5:5) ჩასულმა მათეუსმა.
გერმანული „კიკერიც” წერს, რომ ტუხელის „არსენალში” გადასვლის ამბავი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ მაინც არის ძალიან მცირე თეორიული ვარიანტი, რომ უნაი ემერის წასვლის შემდეგ მას შეიძლება „პარი სენ ჟერმენმა” შესთავაზოს სამსახური.

ამრიგად, ტუხელის ბედი ასე თუ ისე გადაწყვეტილია, მაგრამ კვლავ ღიად რჩება საკითხი: ვინ ჩაუდგება სათავეში „ბაიერნს”?
აქტიურად ლაპარაკობენ „ლაიპციგის” 50 წლის მწვრთნელ რალფ ჰასენჰუტლზე. ავსტრიელს ახლანდელ კლუბთან 2019 წლამდე აქვს კონტრაქტი და მისი გაგრძელების ვარიანტსაც განიხილავს, მაგრამ ფეხბურთელობის წლებში ორი წელიწადი „ბაიერნის” სარეზერვო გუნდშიც გაუტარებია და ბავარია მისთვის უცხო არ არის.
46 წლის ნიკო კოვაჩი დღეს ფრანკფურტის „აინტრახტს” უდგას სათავეში, მაგრამ როგორც გერმანული პრესა წერს გენებში მასაც „ბაიერნი” უზის.
60 წლის ლუსიენ ფავრი „ნიცაში” მუშაობს, მაგრამ კონტრაქტი ისე აქვს შედგენილი, რომ ფრანგული კლუბის დატოვება შედარებით იოლად შეუძლია და თან კარლ-ჰაინც რუმენიგეს კარგი ნაცნობია — 1980-იან წლებში „სერვეტში” ერთად თამაშობდნენ.
კიდევ ერთი თეორიული კანდიდატი გახლავთ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” 46 წლის თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო.