„გვარდიოლა ლაჩარი და ძაღლია” — თქვა საჯაროდ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ. თანამედროვე ფეხბურთის ორ გავლენიან ფიგურას შორის რომ ცუდი ურთიერთობაა, დიდი ხანია ცნობილია. მდგომარეობა პერიოდულად მწვავდება ხოლმე.
რაიოლა ამბობს, რომ თავის ფეხბურთელებს ნებისმიერ გუნდში მოაწყობს, ოღონდ გვარდიოლასა და მის კლუბს (ამჯერად „მანჩესტერ სიტის”) სარგებელს არ ანახებს.
„პეპ გვარდიოლა როგორც მწვრთნელი ფანტასტიკურია, მაგრამ როგორც ადამიანი ნულია, ლაჩარი და ძაღლი. ის ტიპიური მოძღვარია: „გააკეთეთ რასაც გეუბნებით და არ გაიმეოროთ რასაც მე ვაკეთებ”. თუკი წლეულს ჩემპიონთა ლიგას „მანჩესტერ სიტი” მოიგებს, ერთხელაც დავრწმუნდები თუ რა დონის მწვრთნელია გვარდიოლა, მაგრამ მის მიმართ მაინც ზიზღის გრძნობა მექნება”.
რაიოლასა და გვარდიოლას შორის შუღლი 2011 წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამო ჩამოვარდა. გვარდიოლამ შვედი თავდამსხმელი „ბარსელონადან” გაუშვა. იბრა „მილანში” წავიდა, სადაც ჯერ იჯარით იბურთავა, მერე კი მუდმივმოქმედ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი ანუ „ბარსელონასთან” ერთად 2011-ში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო. ლაპარაკია იმ გათამაშებაზე, რომლის ფინალიც „უემბლიზე” გაიმართა და „ბარსელონამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” 3:1 მოუგო.
რაიოლა: „იმ საღამოს გვარდიოლას „უემბლის” დერეფანში შევხვდი და მისდა ბედად, „მილანის” თავმჯდომარემ, ადრიანო გალიანიმ გამაჩერა. როდესაც ზლატანი „ბარსელონაში” მივიდა, გვარდიოლამ უთხრა თუ რამე პრობლემა გექნება პირდაპირ მე მომმართეო, მაგრამ ზედაც არ უყურებდა. არც კი ესალმებოდა.მაშინ მე ვურჩიე ზლატანს, წადი და შენი ფერარი მის ადგილზე დააყენე, მეთქი. გვარდიოლა ასევე მოექცა მაქსველსაც, რომელიც საოცრად კეთილი ადამიანია”.
ბედის ირონიით სწორედ გუშინ გავრცელდა ჟერარდ პიკეს მოგონება 2012 წელს პეპ გვარდიოლასთან მისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ.