შარშანდელივით იღბლიანი გამოდგა მარტის ბოლო საქართველოს ნაკრებისთვის – შარშანდელივით ბალტიისპირელებს უმასპინძლა ვაისის გუნდმა და მაშინდელივით დიდი ანგარიშით იმარჯვა.

ერთი წლის წინ ლატვიელთა 5:0 ძლევა, მართლაც რომ ფეერული იყო, ისევე როგორც დღევანდელი პირველი ტაიმი ლიტვასთან, სადაც ქართველებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს…

მატჩს კი სამწუხარო ელფერი ახლდა, ჩვენები შავი სამკლავურებით გავიდნენ მოედანზე,რაკიღა დღეს სრულიად საქართველო იყო ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ჭირისუფალი. ასეთ დროს კი თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია – ვის ვის და ლიტველებს კარგად მოეხსენებათ ოკუპანტის ბინძური ჩექმის სიმძიმე…

მატჩი, უფრო სწორად მისი ნახევარი მასპინძელთა კოლოსალური უპირატესობით წარიმართა. დროის ამ მონაკვეთში ვაისის კრებული მართლაც საუცხოო იყო. ქართველებს ყველაფერი გამოდიოდათ, ლიტველებს–არაფერი. შედეგად მივიღეთ ის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა –საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა. ტაიმის უკეთესი მონაგარი აქამდე სომხებთან გვქონია, მაშინ ჩვენებმა ხუთი გოლის გატანა შეძლეს მატჩის ნახევარში, ოღონდ ეს ყველაფერი 21 წლის წინ, მეორე 45 წუთმა დაიტია.
სადებიუტო სანაკრებო გოლი მიითვალა 22 წლის გიორგი პაპუნაშვილმა, თუმც მთავარი გმირი მაინც მისი 18 წლის სეხნია ჩაკვეტაძე იყო, ვინაც პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა და დებიუტი ლამაზი გოლით აღნიშნა, როდესაც ასე მონატრებული ძველ-ქართული მოძრაობით გააბითურა ლიტველთა უკანა ხაზი.
ჩვენ ხშირად გვჩვევია კონკრეტული მატჩებიდან შორსმიმავალი გეგმების დასახვა და გამონაკლისი, ალბათ, არც ამჯერად იქნება, მაგრამ, ასეთ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს თუნდაც ამ მატჩის მშრალი მეორე ნახევარი და უპირველესად კი ის გზა,რომელიც სწორად და ნაყოფიერად უნდა განვლოს ვაისის გუნდმა, სასურველ და ოპტიმალურ კონდიციებში რომ შეხვდეს შესარჩევ ციკლს.

24 მარტი. თბილისი. 19:00. მიხეილ მესხი. 18 000 მაყურებელი

საქართველო 4:0 ლიტვა

1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31პ.), 4:0 ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (დვალი 61), ნავალოვსკი, გვილია, კანკავა (კვეკვესკირი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 11), ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ქვილითაია (არაბული 73)

სათადარიგონი: კვასხვაძე; ტაბიძე, კაჭარავა, შერგელაშვილი, ჯიღაური

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლიტვა: სეტკუსი, სლავიცკასი, კლიმავიჩიუსი, გიდრვაინისი, ბოროვსკი, ზულპა (ვორობიოვსი 46), ვერბიცკასი (პაულიუსი 81), ნოვიკოვასი (ლასიცკასი 60), ჩერნიხი (რომანოვსკი 81), სერნასი (ლაუკზემისი 72), ვალსკისი (კუკლისი 46)

სათადარიგონი: ჩერნიაუსკასი, გერტმონასი, იანკაუსკასი, იანუშევსკი, ვაიტკუნასი, ბარავიკასი

მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი

გაფრთხილება: კლიმავიჩიუსი, ვერბიცკასი, ლასიცკასი, კვირკველია, სლავიცკასი

მსაჯი: ალექსანდრუ ტინი (მოლდოვა)