ამსტერდამში, ამხანაგურ შეხვედრაში, ჯესი ლინგარდის გოლით ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჰოლანდიას 1:0 მოუგო, მაგრამ იქ სადაც ინგლისელები არიან მოვლენები მარტო ფეხბურთის მოედანზე არ ვითარდება.

თამაშამდე, ამსტერდამის პოლიციამ ინგლისელი ფანები ხელკეტებით სცემა.

„სანი” წერს, რომ სტუმარი გულშემატკივრების რბევაში თექვსმეტი ქვეითი და ექვსი ცხენოსანი პოლიციელი მონაწილეობდა.

იმის შესახებ, თუ რატომ ჩაერია საქმეში სამართალდამცველთა საგანგებო რაზმი, გაზეთი მოკლედ ყვება — ქუჩაში მცირე კონფლიქტი იყოო, იმაზე კი ამახვილებს ყურადღებას, რომ ხელკეტიანებმა ფანებს გამორჩევით კი არ დასცხეს, არამედ ვინც ახლოს მოიხელთეს, იმათ დაესხნენ თავს.

სულ ამსტერდამის პოლიციამ 25 ინგლისელი დაიჭირა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ერთი ინგლისელი პირდაპირ არხში გადახტა, მეორემ კი ველოსიპედი გადააგდო წყალში.