ოლეგ ბლოხინი მეორე საბჭოთა ფეხბურთელია, ვისაც ევროპის უმთავრესი საფეხბურთო ჯილდო, „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ ერგო.
ბლოხინზე ამბებს წალეკილი ჰქონდა საბჭოთა სპორტული პრესა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ის ძველი სტატიები ძალიან მოსაწყენი სტატიებია, მართლა საინტერესო ამბავს ვერ ამოიკითხავ. დრო იყო ეგეთი, როცა ყველაფერი ერთ თარგზე უნდა ყოფილიყო გამოჭრილი და რაიმე პირადული ამბების ხსენება არ შეიძლებოდა…
ამ ბოლო ხანს ოლეგ ბლოხინის ოჯახზე ასეთი მშრალი ინფორმაცია ამოვიკითხეთ: მამა – ვლადიმირ ბლოხინი, შრომითი რეზერვების საზოგადოების კიევის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; დედა – ეკატერინა ადამენკო, კიევის სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; შვილი – ირინა ბლოხინა; ძმა – ნიკოლაი ბლოხინი.
ჰოდა, ამ უმშრალესი ინფორმაციიდან უნდა დავასკვნათ, რომ ოლეგ ბლოხინი ცოლს გაყრილია.
ბლოხინის ცოლი კი, ირინა დერიუგინა გახლდათ, განთქმული მხატვრულად ტანმოვარჯიშე, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ვინც თავის დროზე ლამის ნახევარ საბჭოთა კავშირს უყვარდა.
ირინას კი, ამბობენ, ბლოხინი არ უყვარდაო, მაგრამ ფეხბურთელმა მაინც თავისი გაიტანა და ცოლად შეირთოო. რას გაიგებ, საბჭოური პრესა ამაზა აბა, როგორ დაწერდა.
ბლოხინის ბავშვობაზე კი ის არის ცნობილი, რომ ბევრისგან განსხვავებით, სპორტის უამრავ სახეობაზე არ უვლია და მისი პირველი და უკანასკნელი არჩევანი ფეხბურთი იყო. თუმცა დედამისი, თავის დროზე ცნობილი მორბენალი ძალიან გულდაწყვეტილი დარჩენილა, შვილი მძლეოსნობას რომ არ გაჰყვა.
ბლოხინის პირადი რეკორდები კი ნაღდად მოითხოვს ჩამოთვლას: მას ყველაზე მეტი, 112 მატჩი აქვს ჩატარებული საბჭოთა კავშირის ნაკრებში; მას ყველაზე მეტი, 47 სანაკრებო გოლი აქვს გატანილი; საბჭოეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 432 მატჩი აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლიც – 211 აქვს გატანილი. 15-ჯერ – ყველაზე მეტჯერ დაასახელეს 33 საუკეთესოთა შორის და მათგან 13-ჯერ პირველ ნომრად თავის პოზიციაზე, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.
გასაგებია, რომ ფეხბურთელი რომელიღაც ერთი რეკორდის მფლობელია, მაგრამ, როცა ერთი ფეხბურთელი ფლობს ყველა რეკორდს, განსაკუთრებულ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე.
განსაკუთრებულობაში, ცხადია, განსაკუთრებული ნიჭი იგულისხმება. შეიძლება საშუალო ნიჭის მქონე ადამიანმა ბევრს მიღწიოს, მაგრამ ამდენს, ბლოხინმა რომ მიაღწია, ნაღდად ვერ შეძლებს, მაგრამ ისიც არის, რომ მხოლოდ ნიჭიც არ კმარა, შრომისმოყვარეობაც თუ არ ახლავს თან.
ბლოხინზე იხსენებენ: თამაშისწინა შეკრებები მუდამ ერთნაირად იწყებოდა-ხოლმე, ბლოხინი მწვრთნელთან მიდიოდა და წუწუნს იწყებდა, რომ მუხლი ტკიოდა, სახსარი ტკიოდა, რომ საერთოდ რადიკულიტი აწუხებდა და ასე შემდეგ.
თავიდან მას უსმენდნენ, წუხდებოდნენ და ექიმთან აგზავნიდნენ. მერე კი ასეთი რამ აღმოაჩინეს: ბლოხინს რამე ტკიოდა თუ არა, მოედანზე მაინც ბოლომდე იხარჯებოდა და იოლ გამოსავალს მიაგნეს – ჩივილისას პასუხობდნენ, შენ ხომ მებრძოლი ხარ, შენ ხომ მაინც გახვალ მოედანზე და თავს დადებ, ვიცით, რომ გტკივა, მაგრამ შენ მაინც უნდა ითამაშო, უშენოდ ვერ მოვიგებთ.
ბლოხინიც გადიოდა და იბრძოდა, ეს მატჩისწინა წუწუნი კი ბავშვურ თამაშს ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ საწვრთნელ ბაზაზე მისული ბლოხინი პირველ რიგში ექიმის კაბინეტში შედიოდა. ბოლოს კი ისევ ძველი, საბჭოური პრესიდან ამოკრეფილ მშრალ ინფორმაციას დავჯერდეთ: ბლოხინმა ორჯერ ითამაშა ფიფას ნაკრებში. ჯერ დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ 1979 წელს, მომდევნო სეზონში კი „ბარსელონასთან“. ამის მერე უეფას ნაკრებში იყო მიწვეული ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთან მატჩისას და ერთხელაც ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
15.12.2004