დღეს ჯეკ უილშერი აღარ მალავს, რომ არსენ ვენგერი მას გუნდიდან წასვლას ურჩევდა. თურმე ეს სეზონის დასაწყისში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ დარბაზში ტრენაჟორებთან ვარჯიშობდა.
უილშერი მწვრთნელის სიტყვებს იგონებს: „მსურს გულწრფელი ვიყო. ამ ეტაპზე შენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. ასე რომ, თუ სადმე გადასვლის ვარიანტი გაქვს, ხელიდან არ გაუშვა, — მითხრა ბოსმა. დარბაზში ველოსიპედის ბორბლებს ვატრიალებდი. არ ავმდგარვარ. ვარჯიში არ მიმიტოვებია. ეტყობა, თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ რაღაც ამდაგვარს ველოდი. ვკითხე, „არსენალში” ჩემი ადგილი სად არის, მეთქი. მან მიპასუხა, რომ თუ არ წავიდოდი, შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად დიდი ბრძოლა მომიხდებოდა. არ შემშინებია. მართალი გითხრათ, ყოველთვის მწამდა, რომ ადგილის დაბრუნებას შევძლებდი. ხელები არ ჩამოვუშვი, ძალა მოვიკრიბე და ჩემსას მივაღწიე.
არავისთვის იყო საიდუმლო, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წელიწადი მრჩებოდა, „ბორნმუთში” ვიყავი ჯარით გაშვებული, ტრავმას ვმკურნალობდი… მოკლედ, ვენგერის გეგმებში ვერ ვხვდებოდი.
მწვრთნელის ნათქვამმა ჩამაფიქრა, მაგრამ მაინც მისი მადლობელი ვიყავი, რადგან პატიოსნად მომექცა და ყველაფერი გულწრფელად მითხრა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კვირები რჩებოდა და ახალი გუნდის შერჩევა შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფერი მოვიძიე. თან, ფორმაშიც არ ვიყავი”.
წასვლის ნაცვლად უილშერმა ძალა მოიკრიბა, დაუზარლად ივარჯიშა და დღეს „არსენალთან” ახალ კონტრაქტზე ლაპარაკობს.
„ძველ ხელშეკრულებას ვადა სამ თვეში ეწურება და ამიტომაც მინდა, რომ ჩემი მომავლის ამბავი რაც შეიძლება მალე გაირკვეს. ძალიან მსურს მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრო, მაგრამ მანამდე სამი თვეა და როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვის კარგი იქნება თუკი ურთიერთობას მოვაწესრიგებთ”.
იანვარში, „ჩელსის” წინააღმდეგ, უილშერმა „მეთოფეებს” უკაპიტნა კიდეც. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„მახსოვს, იმ დღეს ვფიქრობდი, რომ „არსენალის” კაპიტნობა შემეძლო და მართლაც, შეხვედრის დაწყებამდე 45 წუთით ადრე მწვრთნელმა გამომიცხადა, რომ სამკლავური მე უნდა გამეკეთებინა. დიდი სიხარულის განცდა დამეუფლა. შემდეგ ეს რამდენჯერმე კიდევ გამეორდა. ახლა ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს როლი მუდმივად მერგება”.