გორთან, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფოთის „კოლხეთის“ ხუთი ფეხბურთელი დაშავდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელები, რომლებიც გორის საავადმყოფოში ოპერატიულად გადაიყვანეს, გადარჩნენ. ავტომანქანის მძღოლი სამწუხაროდ, დაიღუპა – თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა…

„სარბიელი“ „კოლხეთის“ პრეს-სამსახურის უფროსს, გია ეჯიბიას დაუკავშირდა:

– ფაქტია, გადავრჩით, ფეხბურთელები უვნებელნი არიან, ერთადერთი, თუ არ ვცდები გიორგი არქანიას აქვს ხელის ძვალი გატეხილი, – გვითხრა კოლეგამ.

– ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა…

– კი, ასეა, სამწუხაროდ.

– რა მოხდა, რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა?

– ზუსტად ვერ გეტყვით. ერთი რაც ვიცი, ისაა, რომ ეს ბიჭები თბილისიდან ფოთში მოდიოდნენ და მანქანა იქირავეს. გეცოდინებათ, „კოლხეთს“ ორი დღის წინ თბილისში ჰქონდა შეხვედრა ბოლნისის „სიონთან“ და ფეხბურთელთა ნაწილიც ნამატჩევს დედაქალაქში დარჩა, დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ ფოთში, 2 საათზე ვარჯიშზე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ…

– ანუ, გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს ავტობუსით არ უმგზავრია…

– არა, ბიჭები ნაქირავები მანქანით, „მინივენით“ მოდიოდნენ.

– ახლა სად და როგორ არიან ფეხბურთელები?

– რამდენადაც ვიცი, უკვე გამოწერეს გორის საავადმყოფოდან და ცხადია, ფოთში ველოდებით.

ბოლოს კი გეტყვით, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წილი
წინა სტატიაწითელ-ყვითელი ფრე
შემდეგი სტატიაუილშერი არსადაც არ გადავიდა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.