მთელი ცხოვრება არ ასვენებდა ერთი შიში – შიში ნაადრევად გარდაცვალების. 12 წლისამ დაკარგა მამა, რომელიც სულ 45 წლის იყო. მამისგან მემკვიდრეობით გულის დაავადება ერგო, რაც მოგვიანებით გამოვლინდა. 16 წლისა „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიღეს,მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს სიყვარულს მაინც ვერ შეელია.
ეს სიყვარული სიგარეტი იყო…
თავად იოჰანი ამბობდა, სიგარეტი უფროსმა თანაგუნდელმა პიტ კაიზერმა შემაყვარაო. ეწეოდა მატჩის წინ, ნამატჩევს და ხშირად შესვენებისასაც. არც სინდისი ქენჯნიდა. 60-იანი წლების თავისუფალი სულით გაჟღენთილი ამსტერდამისთვის სიგარეტის მოწევა სულაც არ იყო უმძიმესი ცოდვათაგანი.
კრუიფის ერთადერთი თავსატეხი ახალი მწვრთნელი იყო – „რკინის“ რინუს მიხელსი.
1965 წელს „აიაქსში“ მისულმა მიხელსმა მალევე დაინახა ყმაწვილის პოტენციალი, მაგრამ მალევე ისიც დააზუსტა, რომ სიგარეტის გარდა, არც ალკოჰოლისა და აზარტული თამაშების მიმართ იყო გულგრილი მისი ვუნდერკინდი შეგირდი.
მიხელსმა ლამის სადღეღამისო მორიგეობა დაუწესა კრუიფს. ერთხელ ისე წამოეპარა, იოჰანმა ანთებული სიგარეტი ჯიბეშიღა გააქანა. მიხელსი კარგა ხანს არ მოშორდა გვერდიდან და სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. შედეგად, მცირეწლოვანმა „პარტიზანმა“ ხელისგულის დამწვრობა მიიღო.
მეორედ ტყეში კროსისას გამოიჭირა მიხელსმა ხეს ამოფარებული შეგირდი. სასჯელის ზომად მეორე დილის შვიდ საათზე ბაზაზე მისვლა და ვარჯიში დაუთქვა. არადა, მეორე დღე დასვენებისა იყო. კრუიფი გამოცხადდა ბაზაზე. მიხელსს არც უფიქრია მისვლა – ჩათვალა, რომ დილის 5 საათზე გაღვიძება და ბაზამდე მგზავრობა უკვე საკმარისი სასჯელი იყო.
კატათაგვობანამ ორივე დაღალა. იოჰანმა დაარწმუნა მწვრთნელი, რომ სიგარეტი არათუ ხელს არ უშლიდა, ეხმარებოდა კიდეც კარგად თამაშში.
მიხელსმა ხელი ჩაიქნია და შესვენებისას მოწევის ნება დართო. ჰოი, საოცრებავ: „აიაქსის“ პირველ გუნდში გადასული კრუიფი იმავე სეზონში ვარსკვლავად იქცა.
1973 წელს „ბარსელონაში“ გადასულ კრუიფს არც უცდია მავნე ჩვევის დამალვა. პირველივე შეხვედრისას ჯერ შესვენებაზე, ნამატჩევს კი საშხაპეშიც გააბოლა.
ან რა ჰქონდა დასამალი – „ბარსაშიც“ და ჰოლანდიის ნაკრებშიც ხომ მისი მწვრთნელი „მოთვინიერებული“ რინუს მიხელსი იყო.
სამწვთნელო კარიერის დაწყების შემდეგ უკვე სათადარიგოთა სკამი იყო ხოლმე გახვეული მისი საყვარელი უფილტრო „ქემელის“ ბუღში
ასე გაგრძელდა 1992 წლამდე…
კრუიფს ოფლიანობა, გულისრევები და მკერდში ტკივილები დაეწყო.
დიაგნოზი: გულის არტერიის ნაწილობრივი დახშობა.
გამოსავალი: სასწრაფო შუნტირება.
ნაოპერაციევს ექიმებმა კრუიფს ფეხბურთში დაბრუნების ერთადერთი წინაპირობა დაუთქვეს: არავითარი სიგარეტი.
ფეხბურთის სიყვარულმა იძალა თუ ნაადრევი სიკვდილის შიშმა, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ამის შემდეგ 24 წლის განმავლობაში ერთი ღერიც არ მოუწევია, სიგარეტი კი ახალმა სიყვარულმა – ჩუპა-ჩუპსმა ჩაანაცვლა.
90-იანი წლების დასაწყიში ჩუპა-ჩუპსის რეკლამით ჰარისონ ფორდი, დიეგო მარადონა და ჯორჯო არმანი ზღაპრულ ჰონორარებს იღებდნენ, იოჰან კრუიფი კი იგივეს აბსოლუტურად უსასყიდლოდ აკეთებდა. ისიც კი გამოიკვლიეს, რომ კრუიფის წაბაძვით ერთი წლის განმავლობაში ჰოლანდიაში ჩუპა-ჩუპსის გაყიდვები გაშვიდმადგა.
კრუიფმა სიყვარულის გარდა მსოფლმხედველობაც შეიცვალა.
საფეხბურთო წარმატებების გარდა მის უდიდეს მემკვიდრეობად კატალონიის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ კლიპში მონაწილეობა ითვლება: კრუიფი სიგარეტის კოლოფს, როგორც საფეხბურთო ბურთს კენწლავს. კოლოფთან მისი ყოველი შეხებისას კადრს მიღმა გულისცემა ისმის. კლიპის ფინალში კრუიფი ლეგენდად ქცეულ ფრაზას ამბობს: „ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. სიგარეტმა ლამის ყველაფერი წამართვა“.
კლიპი სუპერპოპულარული იყო და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. კრუიფის ფრაზა კი მის მიერვე დაარსებული მოწევის საწინააღმდეგო ფონდის დევიზად იქცა.
მიუხედავად ყველაფრისა, იოჰან კრუიფი გულის კუნჭულში ისევ 60-იანი წლების ამსტერდამის ბინადარ მეამბოხედ დარჩა.
ერთხელ, უკვე მწვრთნელობისას, „ბარსას“ რომელიღაც ახალწვეულზე უთხრეს, ეწევაო. მან მშვიდად მიუგო „ითამაშოს ისე, როგორც მე ვთამაშობდი და ჯანდაბას – მოწიოს“.
ჰო, დღეს, 18 მარტს „აიაქსის“ დაბადების დღეა. 118 წლის გახდა.