„კამპ ნოუზე” შესვლისას ჩელსის ფანებს მოგვეპყრნენ, როგორც ცხოველებს. ჩვენ გვირტყეს ხელკეტები, ინციდენტების გამო გამოვტოვეთ თამაშის დასაწყისი. ეს იყო გიჟური, შემაძრწუნებელი სცენები. მომხდარის ურეაქციოდ დატოვება არ შეიძლება. სტუმარი გუნდების გულშემატკივრებს ინგლისში ხომ არავინ უქმნის პრობლემებს. მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ ყოფილა”, — ასეთი გახლავთ „ბარსელონასა” და „ჩელსის” შეხვედრის დამსწრე ერთ-ერთი მაყურებლის წერილი.
„სტადიონთან უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ხალხი მიწაზე წვებოდა. მივიხედე და დავინახე, რომ ესპანეთის პოლიცია გულშემატკივრებს აწვებოდა და ხელკეტებით სცემდა”, — ასეთი იყო მეორე წერილი.
„მე, ჩემი 63 წლის დედა და „ჩელსის” სხვა გულშემატკივრები ესპანეთის პოლიციამ სტადიონიდან მიწოლით გამოგვყარა. ხელკეტებს გვირტყემდნენ. არც ბავშვებს ინდობდნენ. ყველანი მიწაზე დავწექით”, — ეს გახლავთ მესამე საჩივარი.
ასეთი შეტყობინებების რაოდენობა იზრდება. „ჩელსის” პრეს-სამსახურმაც სწორედ ეს სთხოვა კატალონიაში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე ჩასულ თვითმხილველებს.
„გულშემატკივრებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რათა ჩვენ ხელმძღვანელებს რაც შეიძლება სრული სურათი დავუხატოთ” — წერია განცხადებაში.
ოთხშაბათს, „კამპ ნოუზე”, „ბარსელონამ” „ჩელსის” 3:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. გუნდების დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში ლა ლიგის ლიდერის გამარჯვებით 4:1 დამთავრდა.