„ბაიერნში” გადაწყვეტილება მიიღეს: კლუბის ხელმძღვანელები მომავალი მწვრთნელის თემაზე საჯაროდ არაფერს იტყვიან. ამასთან, „შპორტბილდი” წერს, რომ იუპ ჰაინკესის შემცვლელის ძებნა გრძელდება. ჰაინკესი 72 წლისაა და ზაფხულზე თანამდებობიდან მიდის.

დირექტორატის წევრები ჯერჯერობით ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მომავალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდეს გერმანული. გამოდის, რომ კანდიდატთა სიაში ისევ 44 წლის თომას ტუხელი ლიდერობს — მწვრთნელი, რომელიც შარშან, ჰაინკესის დანიშვნამდეც მთავარი ფავორიტი იყო.

თომას ტუხელი

ისმის კითხვა: თუ ფავორიტი იყო, თანამდებობა სხვას რატომ ერგო? საქმე ის არის, რომ „ბაიერნში” განსაკუთრებული გავლენით კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი სარგებლობს. სწორედ მას ეკუთვნოდა შარშან მწვრთნელად იუპ ჰაინკესის დანიშვნის იდეა, რომელიც დირექტორატის სხვა წევრებმა ენთუზიაზმით აიტაცეს. მართალია, ტუხელის კანდიდატურას მხარს ბავარიული კლუბის აღმასრულებელი შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგე უჭერდა, მაგრამ, როგორც ჩანს ჰიონესმა ისიც გადაიბირა და თავისებური ფორმულირებაც შეამუშავებინა: ჩვენ თომას ტუხელის წინააღმდეგ კი არ ვართ, უბრალოდ ამ ეტაპზე ჰაინკესი გვირჩევნია.

ჰიონესი ტუხელის მხარდაჭერისგან ჯერჯერობით კვლავ თავს იკავებს. ვინ იცის, იქნებ იმედოვნებს, რომ ისევ ჰაინკესს დაიყოლიებს დასარჩენად? ასეა თუ ისე, „ბაიერნის” პრეზიდენტი „დორტმუნდის” ყოფილ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს არ ჩქარობს, ოღონდ ამბობს, მე მისი წინააღმდეგი არ ვარო.

თომას ტუხელი ამ ეტაპზე ისვენებს, მაგრამ ზაფხულიდან საქმეში დაბრუნება სურს.  „ბაიერნისთვის” მის კანდიდაურას საუკეთესოდ მიიჩნევს თვით იუპ ჰაინკესიც.