ჟოზე მოურინიუ ის კაცი არ არის, ვინმეს აუგი სიტყვა რომ შეარჩინოს. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ამჯერად ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური შემოელანძღა.
მიზეზი: დე ბურმა კომენტარი გაუკეთა პრემიერლიგის მატჩს, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა ორივე გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოურინიუმ რეშფორდი მორუან ფელაინით შეცვალა. სწორედ ეს ტაქტიკური ცვლილება გააპროტესტა დე ბურმა. მან თქვა:
„სამწუხაროა, რომ რეშფორდის მწვრთნელი მოურინიუა. მან ფეხბურთელს თამაშის ეშხში შესვლის საშუალება არ მისცა, არადა ინგლისელ მოთამაშეს უნდა აცადო, შეცდომის დაშვების საშუალებაც კი უნდა მისცე. მაგრამ რას იზამ, მოურინიუ მხოლოდ შედეგზე ფიქრობს”.
პასუხად პორტუგალიელმა ჰოლანდიელს პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე ცუდი მწვრთნელი უწოდა.
„სადღაც პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე ცუდი მწვრთნელის კომენტარი წავიკითხე. ის ამბობს, რომ მარკუს რეშფორდს არ გაუმართლა, რადგან მე მხოლოდ შედეგზე ვფიქრობ. და ამას ამბობს კაცი, რომელმაც თავის გუნდს („კრისტალ პალასს”) შვიდი თამაშიდან შვიდივე წააგებინა, ისე რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა. რეშფორდის მწვრთნელი ფრანკი რომ ყოფილიყო, ის ყველა თამაშში წაგებას ისწავლიდა”, — თქვა „განსაკუთრებულმა”.