„შპორტბილდი” წერს, რომ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლოთარ მათეუსმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი პერ მერტესაკერი „მირორში” გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა. მერტესაკერმა, რომელიც 2011 წლიდან „არსენალშია”, წლეულს კარიერას ამთავრებს და ლონდონის კლუბში ახალგაზრდების მწვრთნელად აპირებს მუშაობას, თქვა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება ნიადაგ სტრესისგან შედგება.
„ფეხბურთელობა ფიზიკური და მენტალური სტრესია. გართობა არ არსებობს. ყველაფერი „თუ”-ს და „მაგრამ”-ის გარეშე უნდა აკეთო, მაშინაც კი, როდესაც დაშავებული ხარ” — თქვა ვეტერანმა მცველმა.
გერმანიაში 2006 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძლები მესამე ადგილზე გავიდნენ. მაშინდელი ამბებს მერტესაკერი ასე იგონებს:
„ნახევარფინალში იტალიასთან 0:2 წაგება სხვა განცდებთან ერთად შვებაც იყო. მახსოვს ვფიქრობდი, როგორც იქნა ეს ყველაფერი დამთავრდა, მეთქი”.
„სქაი სპორტის” ექსპერტმა ლოთარ მათეუსმა თანამემამულის ასეთი გამონათქვამები ვერ აიტანა. მან დაწერა: „ნახევარფინალის მერე არაფერიც არ იყო დამთავრებული. გუნდს კიდევ მესამე ადგილისთვის უნდა ეთამაშა. საკუთარ ქვეყანაში, არნახული ეიფორიის პირობებში, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა ფეხბურთელისთვის ტვირთი არ უნდა იყოს”.
მათეუსის აღშფოთება მერტესაკერის კიდევ ერთმა ნათქვამმა გამოიწვია. არსენალელმა აღიარა, რომ მისი აზრით ხანდახან ტრავმა სულაც არ არის ცუდი: „ეს კანონიერი დასვენების ერთადერთი საშუალებაა”.
მათეუსი: „ყოველთვის, როდესაც დავშავდებოდი დათრგუნული ვიყავი, გახარებული კი არა. მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი მოედანზე. მერტესაკერი ამბობს, რომ ახლა, როდესაც 30 წელს გადაცდა, თამაშს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ურჩევნია. მეტიც, სათადარიგოთა სკამზე ჯდომას კი ტრიბუნაზე ჯდომა ჯობიაო. როგორ უნდა იმუშაოს მან ახალგაზრდებთან თუკი ამბობს, რომ ფეხბურთელობა აუტანელი ტვირთია?”