გივი ჩოხელმა ძალიან ადრე, 26 წლისამ დატოვა დიდი ფეხბურთი, მაგრამ მის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩა. თელაველი ჭაბუკის გამოჩენა თბილისის „დინამოში” მოულოდნელი იყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდს უფრო დასავლეთ საქართველოს რგონები კვებავდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელებით და კახეთიდან ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენას არავინ ელოდა. გივი ჩოხელმა თამაში თელავში დაიწყო და 1956 წელს, 19 წლისა მიიწვიეს თბილისის „დინამოში”. იმ დროს დინამოელებს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავდათ ვლადიმერ ელოშვილის, ნიაზ ძიაპშპას, იბრაჰიმ სარჯველაძის შემადგენლობით. წინა წელს სარჯველაძის ადგილი დაცვის მარცხნივ ახალგაზრდა გივი ხოჭოლავამ დაიკავა. გივი ჩოხელისთვის კი, რომელიც ცენტრალურ მცველად თამაშობდა, ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილის მოპოვება ძნელი იყო. ჩოხელი შემდეგ წელს გამოჩნდა „დინამოს” ძირითად შემადგენლობაში, როდესაც ნიაზ ძიაპშპამ ტრავმა მიიღო. 1958 წელს კი 21 წლის გივი ძირითადი შემადგენლობის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 22-დან 18 მატჩი ითამაშა სეზონში და სამი გოლიც გაიტანა.
ჩოხელმა მყისვე მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება. ის გახლდათ მეტად ტექნიკური და ჭკვიანი მცველი ამ ამპლუის ფეხბურთელისთვის ფასდაუდებელი ინტუიციით და თავით ჩინებულად მოთამაშე. ჩოხელი უკვე ადრეულ ასაკში გამოირჩეოდა სათამაშო სიბრძნით და დაცვის ნებისმიერ ადგილზე შეეძლო თამაში.
1958 წელს სათავე აიღო ახალმა საფეხბურთო ტურნირმა — ევროპის თასმა (შემდგომში ევროპის ჩემპიონატი). საბჭოთა ნაკრებმა წარმატებით განვლო წინასწარი შეხვედრები და ნახევარფინალში გავიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გუნდმა ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვა (ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1980 წლამდე მხოლოდ ნახევარფინალისტები მონაწილეობდნენ).
ფინალური ეტაპი საფრანგეთში გაიმართა. ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრების მეტოქე ჩეხოსლოვაკიის ნაკრები იყო. სწორედ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაში, 1960 წლის 6 ივლისს, მარსელში შედგა 23 წლის თბილისის დინამოელი მცველის დებიუტი საბჭოთა კავშირის ნაკრებში და იმდენად შთამბეჭდავი, რომ შემდეგ სამი წლის განმავლობაში ჩოხელმა მხოლოდ ორი შეხვედრა გამოტოვა ნაკრების შემადგენლობაში და მუდმივად და უკონკურენციოდ პირველობდა საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მარჯვენა მცველის ადგილზე.
ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ძლიერი გუნდი იყო. მასში ევროპული კლასის საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშენი გამოდიოდნენ — პოპლუხარი, მასოპუსტი, პლუსკალი, კვაშნიაკი, ბუბერნიკი, ბროიფი. სწორედ ამ გუნდმა შეძლო ორი წლის შემდეგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, როცა პირველობა მხოლოდ ბრაზილიის ბრწყინვალე გუნდს დაუთმო. ჩოხელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. საბჭოთა ნაკრებმა 3:0 დაამარცხა ძლიერი მეტოქე და ფინალში გავიდა.
ფინალში, რომელიც პარიზში გაიმართა, მათი მეტოქე იუგოსლავიელთა ნაკრები იყო. იუგოსლავიელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი ტექნიკით და მათ გუნდშიც ასეთი მოთამაშეები მრავლად იყო. განსაკუთრებით წინა ხაზზე. ნახევარდაცვას ვირტუოზი დრაგოსლავ შეკულარაცი მეთაურობდა, წინ კი შესანიშნავი ოსტატები — გალიჩი, ერკოვიჩი და კოსტიჩი გამოდიოდნენ. ამ გუნდმა შეუძლებელი შეძლო ნახევარფინალში, როცა მასპინძლებთან, ფრანგებთან 2:4-ს აგებდა, სამი გოლი გაუტანა და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩოხელს მარცხენა გარემარბ კოსტიჩის წინააღმდეგ მოუწია გამოსვლა, რომელიც დრაგან ჯაიჩის გამოჩენამდე იუგოსლავიის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა გარემარბად ითვლებოდა. გივიმ მთლიანად გამოთიშა თამაშიდან კოსტიჩი. მატჩის შედეგი კი ყველამ იცით. ერკოვიჩის გოლს მეტრეველმა და მესხის შესანიშნავი გადაცემით პონედელნიკმა ორი გოლით უპასუხეს და საბჭოთა ნაკრები ევროპის პირველი ჩემპიონი გახდა. ამ უდიდეს წარმატებაში გრანდიოზული წვლილი შეიტანა სამმა შესანიშნავმა ქართველმა ფეხბურთელმა — მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა და გივი ჩოხელმა.
1962 წელს, ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩოხელი უკვე უყოყმანოდ ითვლებოდა ნაკრების პირველ ნომრად, მაგრამ პირველ შეხვედრაში იუგოსლავიელებთან რატომღაც მის ადგილზე ედუარდ დუბინსკი დააყენეს. საბჭოთა ნაკრებმა გაიმარჯვა — 2:0, თუმცა მას რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის დუბინსკიც შეეწირა — ნეკნი ჩაიტეხა. კოლუმბიის სუსტ გუნდთან ნაკრებს მითითება მიეცა, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით გაემარჯვა ბოლო ტურში ურუგვაელებთან შესაძლო ძნელი მატჩის გამო. საბჭოთა კავშირის ნაკრები ჯერ 3:0-ს, შემდეგ 4:1-ს იგებდა, მაგრამ მოულოდნელად კოლუმბიელებმა ბოლო 20 წუთში სამი გოლი გაიტანეს და მატჩიც 4:4 დასრულდა. ამ თამაშმა დიდი ვნებათაღლვა გამოიწვია. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, რუსების კერპმა ლევ იაშინმა ძალიან სუსტად ითამაშა და მის პრესტიჟს რომ გაფრთხილებოდნენ, ზოგიერთმა რუსულმა გაზეთმა სხვა დამნაშავეების ძებნა დაიწყო. კერძოდ, კოლუმბიელების კუთხურიდან გატანილ გოლში გივი ჩოხელს ადანაშაულებდნენ, რადგან იაშინმა მას დაუყვირა — „ბერი!” (აიღე) ჩოხელმა კი „ბერუ” (ვიღებ) გაიგო, ბურთი გაატარა და გოლიც ამიტომ გავიდა. თუმცა ფეხბურთის მცოდნე ადამიანი უმალ მიხვდება, რომ თუ მცველი ისედაც იღებს ბურთს, მას მეკარე ამის გამო არ უყვირის. და ეს რომ ასე იყო, შემდეგში თვითონ იაშინმაც დაადასტურა. ობიექტურობით არცთუ ისე გამორჩეული ანდრეი სტაროსტინი კი წერდა რომ ეს შედეგი არა იმდენად დაცვის ბრალი იყო, რამდენადაც თავდამსხმელების, რომელთაც რაკი მიეცათ მითითება, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოეგოთ, ბედის ანაბარა დატოვეს უკანა ხაზის მოთამაშეები.
ბოლო მატჩი საბჭოთა გუნდს ურუგვაელებთან ჰქონდა. ურუგვაელები ჩემპიონატზე დიდი ტაშფანდურით ჩამოვიდნენ და აცხადებდნენ, მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა დავიბრუნოთო. მსოფლიოს ჩემპიონობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მათ არც თუ ისე ცუდი გუნდი ჰყავდათ, სადაც თავდამსხმელები — კუბილა, სასია, კორცესი და პერესი გამოირჩეოდნენ. სწრაფმა და ტექნიკურმა, დაბალი ტანის მარცხენა გარემარბმა პერესმა წინა მატჩებში საუკეთესოდ ითამაშა და იუგოსლავიელებთან წაგებულ მატჩშიც კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ჩოხელთან არც მას გამოუვიდა რამე. იგი საერთოდ არ ჩანდა მოედანზე და ურუგვაელთა შეტევებსაც დიდი ძალა გამოეცალა. საბჭოთა ნაკრებმა 2:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში მასპინძლების, ჩილელების წინააღმდეგ დადგა.
ამ შეხვედრამ კი ყველა ეჭვი გაფანტა და დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე მეკარე იაშინი, რომელიც შემდეგ წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მართლაც არ იყო ფორმაში. იაშინმა ორი კურიოზული გოლი გაუშვა და ნაკრებიც გამოეთიშა მსოფლიოს პირველობას. ეს გივი ჩოხელის უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდა საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში.
თბილისის „დინამოში” კი მან კიდევ ერთი სეზონი ჩაატარა. ჩოხელის შესანიშნავ თამაშს არაერთხელ მოუხიბლავს მაყურებელი. მე კი ზუსტად ამ სეზონის ერთ-ერთი ულამაზესი შეხვედრა დამამახსოვრდა.
დინამოელები საკუთარ მოედანზე თავისთვის ერთ-ერთ ძნელ მეტოქეს — დონეცკის შახტარს ხვდებოდნენ. პირველ ტაიმში გივი ჩოხელის შეცდომის გამო (ბურთი თავზე გადაახტა) დონეცკელმა იური ანანჩენკომ ანგარიში გახსნა. დინამოელებმა მალე აიღეს მატჩის სადავეები ხელთ და დონეცკელებს შეუტიეს, მაგრამ პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა — 1:0.
მეორე ნახევარში დინამოელები მეტოქის ნახევარზე დასახლდნენ, შეტევას შეტევა მოსდევდა, ერთიმეორეზე ულამაზესი მომენტები ენაცვლებოდა ერთმანეთს დონეცკელთა კართან, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა. ჩოხელი, რომელიც გრძნობდა თავის შეცდომას, უკვე შეტევების სული და გული იყო. ყველა თავგამოდებით იბრძოდა… მიხეილ მესხის გარდა. მიშა რატომღაც უგუნებოდ იყო და პრაქტიკულად არ მონაწილეობდა გუნდის თამაშში. თერთმეტი წუთით ადრე დონეცკელთა კარში პენალტი დაინიშნა. მაყურებელი ელის, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი პურს ჭამს — ხომ არ შეიძლება ამდენი უიღბლობა. შოთა იამანიძე ურტყამს და… ბურთი კარს აცდა. ვნებათაღელვამ უმაღლეს წერტილს მიაღწია და აქ დონეცკელებს თავისი მცველის უხეიროდ მოგერიებული ბურთი ძვირად დაუჯდათ. ბურთი მესხს მოხვდა ცხვირში და სისხლი წასკდა, იგი გაბრაზდა, ჩაერთო გუნდის შეტევებში ისე, როგორც მას სჩვეოდა — მარცხენა ფრთას ბდღვირი ადინა. მატჩის დასასრულამდე 6 წუთიღაა დარჩენილი. მიშა გადის მარცხენა ფრთაზე. ორ მეტოქეს ატყუებს, აწვდის საჯარიმოს შუაში და ანგარიში თანაბრებდება — 1:1. გოლის ავტორი? მიხვდებოდით, გივი ჩოხელი. ალბათ, სხვანაირად არც შეიძლებოდა, იმდენი ძალა შეალია მან თავისი შეცდომის გამოსასწორებლად. ბოლო წუთზე კი ისევ მესხის გარღვევის შემდეგ სიომა ბარქაიას გადამწყვეტი გოლი გააქვს. მართლაც დაუვიწყარი მატჩი იყო.
იმ 1963 წელს, ალბათ არავინ ფიქრობდა, რომ ეს გივისთვის ბოლო სეზონი იყო. სამწუხაროდ, ჩოხელი, როგორც ავღნიშნეთ, ძალიან ადრე წავიდა დიდი ფეხბურთიდან და მიუხედავად იმისა, რომ მან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მაინც დარჩა უკმარისობის გრძნობა, რაკი ვერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1962 წელს თბილისის „დინამო” ახლოს იყო ამ ტიტულის მოპოვებასთან, როცა ჩემპიონობაზე უკანასკნელ ტურში სამი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას. თბილისელები ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ მოსკოვის ცსკა-სთან მათი მეკარის, იონას ბაუჟას სასწაულებრივი თამაშის გამო და საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ. არადა, ჩემპიონს, მოსკოვის „სპარტაკს“, იმ სეზონში ორივე მატჩი , შინ და გარეთ (2:1 და 2:0) მოუგეს.
1964 წელს კი, როცა ამ შესანიშნავი თაობის, 1936-37 წლებში დაბადებული ბიჭების (მესხი, მეტრეველი, ბარქაია, კოტრიკაძე, იამანიძე, დათუნაშვილი) ტრიუმფის დრო დადგა, მათი ტოლი ჩოხელი ავადმყოფობის გამო გუნდში აღარ იყო, არადა, იგი ამას ნამდვილად იმსახურებდა.
ქართულ ფეხბურთს არასდროს აკლდა ვარსკვლავები. გივი ჩოხელიც მათ რიცხვს განეკუთვნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ფეხბურთს მანამდეც ჰყავდა მაღალი კლასის დამცველები, სწორედ იგი იყო პირველი ამ ამპლუის მოთამაშეებიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს. სწორედ მან დაამტკიცა, რომ მარტო ქართველ თავდამსხმელებს როდი ძალუძთ უმაღლეს დონეზე თამაში. შემდეგ, როცა საბჭოთა ნაკრების დაცვით ხაზს თამამად ანდობდნენ მურთაზ ხურცილავას და რეზო ძოძუაშვილს, გურამ ცხოვრებოვსა და ალექსანდრე ჩივაძეს, შოთა ხინჩაგაშვილსა და თენგიზ სულაქველიძეს, ეს გივი ჩოხელის დამსახურებაც იყო.
1999 წლის 28 იანვარი