— სად იყო სერხიო რამოსი?
— კუჭში გავიდა, — უპასუხა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს ისე გულწრფელად, რომ თემასთან დაბრუნებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა.

გულშემატკივართა უმრავლესობას შეუმჩნეველი დარჩა ის ამბავი, რომ „ეიბართან” სტუმრად 2:1 მოგებული შეხვედრის 73-ე წუთზე „რეალის” კაპიტანმა სასწრაფოდ დატოვა მოედანი და ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. შემსუბუქებული რამოსის დაბრუნებიდან 5-6 წუთში კი კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ზიდანმა რამოსის მოედნიდან გასვლას შეცვლის სახეც ვერ მისცა, რადგან ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა. პირველ ტაიმში რაფაელ ვარანი დაშავდა (მეტოქეს სახით შეეჯახა) და მის ნაცვლად ნაჩო ფერნანდესის შეყვანა გახდა საჭირო, 71-ე წუთზე კი ისკო და ტონი კროოსი ლუკასმა და ქარიმ ბენზემამ შეცვალეს.