ანატოლი მილჩენკოს უყვარდა ვასილი შუკშინის სიტყვები: ვიმეგობროთ, ასე უფრო ადვილია სიკვდილი!

როცა მილჩენკოს დავუმეგობრდი ძველ, საინტერესო ამბებს მიყვებოდა. ის მაშინ უკვე აღარ იყო ქართველი მსაჯების ხელმძღვანელი, შუკშინიც აღარ უხსენებია, ქართულ საფეხბურთო სამყაროსთან მეგობრობაც ვეღარ იყო მისთვის ძველებურად მნიშვნელოვანი.

მილჩენკო მეგობრობის, მოქმედების და  ურთიერთობის კაცი გახლდათ. სახელოვანი, გადამდგარი მსაჯისთვის დედამიწა კეთილ და ბოროტ ადამიანებად იყო დაყოფილი.

ძველი, გამოცდილი ხალხისგან ბევრ რამეს სწავლობ, მაგალითად იმას, რომ კაცი უფრო წვრილმანებში ამჟღავნებს საკუთარ  სახეს, რადგან დიდ საქმეში მას არაფრის დამალვა არ შეუძლია.

ფეხბურთშიც ხშირად წვრილმანები იგებენ თამაშს და ამ წვრილმანებს ხშირად მსაჯები ქმნიან.

მსაჯებს მაშინაც და მანამდეც გატეხილი ჰქონდათ სახელი. მილჩენკოს შუკშინური სიტყვებიც იმიტომ კი არ მოსწონდათ, რომ შუკშინი უკიდურესად რუსი იყო, არამედ იმის გამო, რომ სადაც ფულია მთავარი, იქ მეგობრობა უკვე ყალბია.

მსაჯზე გასვლის ტექნოლოგიები ალბათ ადაპტირებულია თანამედროვე მოთხოვნებთან, ახლა ყველაფერი უწინდელივით არ ხდება, თორემ მაინც ხდება და ყოველთვის მოხდება, სანამ ფეხბურთში დიდი კომბინატორები საქმიანობენ.

დიდი კომბინატორი  – ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ ხელობის კაცი მაინცდამაინც დიდი გონებრივი შესაძლებლობებისაა. ქულების და მსაჯებისთვის მისაცემი ფულის დათვლას კალკულატორიც გასწვდება, დიდი კომბინატორი კი იმიტომ არის დიდი, რომ ამ საქმეს წლობით აკეთებს და ფეხბურთიდან მისი გამძევებელი არავინაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ინტერვიუში გვითხრა, ფეხბურთში სტანდარტს გულშემატკივარი აწესებსო.

როგორ ფიქრობთ, დიდი კომბინატორებსაც ფეხბურთიდან ფეხი გულშემატკივრებმა უნდა მოუკვეთონ?

ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ დიდი კომბინატორები მსაჯების მოსაქრთამ ფულს სახელმწიფოსგან იღებენ. ფაქტია, როგორც კი ფეხბურთის განვითარების ფონდმა კერძო კლუბების დაფინანსება დაიწყო, მათი  მეპატრონეები გაზარმაცდნენ და კლუბში თავიანთი ფული ძალიან ძუნწად მიაქვთ.

მსაჯობაც, ისევე როგორც ფეხბურთელობა, ღარიბთა ხელობაა. გინახავთ მდიდარი ოჯახიდან გამოსული მსაჯი საქართველოში? მსაჯობა ჩვენთან უკიდურესად ფულის საშოვნელი პროფესიაა. ქართულ სტადიონებზე მსაჯი ყველაზე დაბალი ღობეა, ყველა მას ლანძღავს უტიფრად და მისი ქომაგი, ტრიბუნაზე თუ ვიპ ლოჟაში, არავინაა. ამ მსაჯის უკან კი საკუთარი კეთილდღეობის გარდა მისი ოჯახია, ცოლ-შვილი და პენსიონერი მშობლები. საქართველოში კარგი სამსახური ძალიან ჭირს და მსაჯიც ყველაფერს ითმენს, დიდი წნეხს უძლებს და მძიმე კურტანსაც ეზიდება.

გადამწყვეტი მატჩები – ასეთ დროს დიდი კომბინატორები განსაკუთრებულად ხელგაშლილები არიან, მსაჯებს ათეულ ათასობით დოლარს სთავაზობენ. ყველაფერი უსაფრთხოდ კეთდება, დიდ კომბინატორს მსაჯთან გამოცდილი და სანდო ბროკერი აკავშირებს.

გადამწყვეტი მატჩი კი პირველ ტურშიც შეიძლება გაიმართოს.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეროვნულ ჩემპიონატსაც ჰყავს კომბინატორები.  დარწმუნებული ვარ, მათი ვინაობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამაც კარგად იცის, ოღონდაც სტანდარტები თურმე ქომაგმა უნდა დააწესოს…

ვიმეგობროთ, ასე უფრო იოლია სიკვდილი – მილჩენკო კარგი მთქმელი იყო, ასეთს კი კარგი გამგონეც სჭირდება.

მსაჯებთან ნაღდი მეგობრობა იოლი ნამდვილად არ არის. ლევან კობიაშვილი ყველანაირად  მოწესრიგებული ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მსაჯთან დიდი იაღლიში მაინც მოუვიდა, გერმანიაში ვოლფგანგ შტარკი შემოელახა და დაახლოებით ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციაც მოახდევინეს.

დღეს კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტია და ვნახოთ, რა მეთოდებით შეებრძოლება ცუდ მსაჯებსა და დიდ კომბინატორებს.

კლუბებმა კი ამასობაში ჭკუა ისწავლეს, ფეხბურთის განვითარების ფონდის შემწეობით აქვთ საიმედო ფინანსური ზურგი, მაგრამ სულაც არ ჩქარობენ პროფლიგის შექმნას.  პასუხისმგებლობას გაურბიან? აბა, სხვა რა მიზეზი აქვთ?..