დიდი ინგლისური, ჩრდილო–დასავლური დაპირისპირება, ძვალთამტვრევა, ომი, დიდი ომი… რაც გნებავთ დაარქვით, ეს მანჩესტერი – ლივერპულია, მთავარ–ბრიტანული ჯახი, რომელიც დიდი ხანია საუკუნეს გასცდა და უფრო დიდი ხანი – ზოგადად ფეხბურთს…
1894 წლიდან მოყოლებული,ყველა ტურნირზე ერთად, დღეს საიუბილეო–მეორასე მატჩი გაიმართება ამ გუნდებს შორის.უპირატესობა მანჩესტერისაა – 79 მოგება 65 მარცხის წილ…
ერთი დიდი ისტორიაა ამ ორი გუნდის ფანების დაპირისპირება, რომელიც ბევრ სისხლიან ეპიზოდს მოიცავს. ეს ვიეტნამზე უარესი იყო–ნათქვამი აქვს 1986 წლის 9 თებერვალს მანჩესტერის მაშინდელ მწვრთნელ რონ ატკინსონს.იმ დღეს ქვათაცვენაში მოჰყვა მისი გუნდის ავტობუსი და ერთ-ერთმა ნასროლმა ის ფანჯარა ჩაამტვრია,რომლის მიღმაც მარკ ჰიუზი იჯდა.
ერთმანეთისთვის ფეკალიებით სავსე საგნების სროლა ამ ორთა ფანობას შორის ძალზე ჩვეულებრივი ამბავია. სიძულვილი რომელიც ჯერ კიდევ ორ ქალაქს შორის ინდუსტრიული პაექრობისას დაიწყო, დიდი ხანია საზღვრებს გასცდა…
თავის დროზე ლივერპულის ლეგენდარულ მწვრთნელს – ბობ პეისლის გაუცილებია მანჩესტერელთა ავტობუსი, სქაუზერთა რისხვისგან რომ ეხსნა მეტოქე გუნდი.სამოცდაათიანი წლების ბოლოს ვინმე პიტერ კლარკსონმა ქალიშვილის კარსმომდგარი ქორწინება ჩაშალა, რაკიღა შეიტყო რომ, სასიძო მანჩესტერის თავგადაკლული ქომაგი იყო და არც არავის გაჰკვირვებია, ბებერი სქაუზერის პრინციპები შვილის ნაზ გრძნობებზე მაღლა რომ დადგა… 2006 წელს ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში ფეხმოტეხილიც კი არ დაინდეს ალან სმიტი – სქაუზერებმა ალყაში მოაქციეს ის რეანომობილი, ვისაც დაშავებული ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ამ ამბავამდე ათი წლით ადრე მავანმა ლივერპულელმა ერიკ კანტონას შეაფურთხა და ფერგიუსონის საცემრადაც გაიწია. იმ მომენტისთვის კენტის ჰერცოგს მანჩესტერისთვის ინგლისის თასი უნდა გადაეცა…
იმედია დღევანდელი მატჩი მსგავსი შეხლა–შემოხლების გარესე ჩაივლის, თუმცა არაფერია გამორიცხული – ამ ორთა დაპირისპირებისას დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს სცდება. ამადაცაა, უმრავლეს შემთხვევაში შუადღის დადგომამდე რომ თამაშდება მთავარინგლისური ჯახი – ასეთ დროს ლუდის უამრავი რაოდენობა ჯერ კიდევ შეუსმელია და ნახევრადფხიზელი ფანობის გაკონტროლებაც – გაცილებით მარტივი…