უეფა „პარი სენ ჟერმენის” ულტრასების ქცევას გამოიძიებს. პარიზული კლუბი სავარაუდოდ დაისჯება. მოგეხსენებათ პსჟ-ს აქამდე ფინანსური „ფეარ პლეის” გამო ედავებოდნენ, ახლა კი ფანების ქცევის გამოც ელის პრობლემები.

ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩზე, რომელიც „პარკ დე პრენსზე” გაიმართა. პარიზელებმა „რეალს” უმასპინძლეს და 1:2 წააგეს. შეხვედრის მსვლელობისას ფრანგმა ფანებმა ტრიბუნაზე დიდი რაოდენობით მაშხალა აანთეს, გამოიყენეს ლაზერი, არ ვარგოდა თამაშის ორგანიზაცია, გადაკეტილი იყო ზოგიერთ ტრიბუნაზე ასავლელი კიბეები.

ცნობისათვის: უეფაში საჩივარი „რეალმაც” შეიტანა. თურმე პარიზელი ფანები თამაშის წინა ღამეს მადრიდელთა სასტუმროსთან შეიკრიბნენ და ფეხბურთელებს დასვენებაში ხელს უშლიდნენ, მაგრამ ნიონში გადაწყვიტეს ამ საჩივრისთვის ყურადღება არ მიექციათ. ისინი მხოლოდ „პარკ დე პრენსზე” და მის შემოგარენში მომხდარ ამბებს გამოიძიებენ.

პარიზელი ფანების ხულიგნობა ახალი ამბავი არ არის.