ბოლო ცნობის თანახმად ჰარი კეინი ზაფხულში „ტოტენჰემიდან” არ გადავა. ეს „დეზების” მწვრთნელისთვის, მაურიციო პოჩეტინიოსთვის მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა მას მცველების, ტობი ალდერვეირელდისა და დენი როუზის შესანარჩუნებლად მოუწევს „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჭიდილი.
კეინის შეძენა „რეალს” სურს. ამბობენ, მადრიდელებს კარგად მოეხსენებათ თავდამსხმელში 200 მილიონი გირვანქის (224,1 მილიონი ევრო) გადახდა რომ მოუწევთ, მაგრამ თანხა არ აშინებთო. არც ფეხბურთელია „რეალის” მიმართ გულგრილი, მაგრამ ჯერჯერობით ესპანეთში გადაბარგებისგან თავს იკავებს. მიზეზი: „სფურზი” მომავალ სეზონს ახალ სტადიონზე დაიწყებს, რაც კეინისთვის მნიშვნელოვანია. იმავდროულად, მომდევნო სეზონში გამოჩნდება შესწევს თუ არა ლონდონის კლუბს პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლის უნარი. ერთი სიტყვით, ჰარი კეინი ჯერ 24 წლისაა და არსად ეჩქარება.
იბრძოლებს „ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონობისთვის თუ ვერა დიდად იქნება დამოკიდებული დაფინანსებასა და სატრანსფერო ბაზარზე. შესაბამისად, ამაზევე იქნება დამოკიდებული ჰარი კეინის ბედიც.
როგორც ამბობენ, „სფურზის” თავმჯდომარეს, დენიელ ლევის საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება უნდა და ჰარი კეინისთვის ხელფასის გაზრდას აპირებს. კეინის ამჟამინდელი ხელფასი კვირაში 110 ათასი გირვანქაა (123,3 ათასი ევრო), მომავალი სეზონიდან კი 180 ათასი გირვანქა (201,7 ათასი ევრო) გაუხდება. ამრიგად, ის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი მოთამაშე შეიქნება.
რაც შეეხება ტობი ალდერვეირელდსა და დენი როუზს, მათი შეძენით ჟოზე მოურინიუა დაინტერესებული. 29 წლის ალდერვეირელდს „დეზები” კვირაში 110 ათას გირვანქას უხდიან, მას კი 140 ათასი უნდა, ხოლო 27 წლის როუზი „იუნაიტედიდან” ლუკ შოუს გაშვებას ელოდება, მისთვის ადგილი რომ გათავისუფლდეს.
„ტოტენჰემ ჰოთსპურს” „ფულემისგან” 17 წლის მარცხენა მცველ-ნახევარმცველის რაიან სესინიონის შეძენა სურს.