“როცა კაცი ჯერ არ გამხდარა ორმოცდარვა წლისა და მაინც პესიმისტია, ბევრი რამ სცოდნია ამ ქვეყნისა, მაგრამ, როცა კაცი ორმოცდარვას გადასცდება და ოპტიმისტად რჩება, არაფერი სცოდნია.”
მარკ ტვენი
წერილი
„ძვირფასო ჯორჯ!
როგორა გაქვს თვალი? ბოლოჯერ რომ გნახე, მატჩისშემდგომ ინტერვიუს იძლეოდი აქსელ შულცთან ორთაბრძოლის შემდეგ. მარცხენა თვალი იმგვარად გქონდა გასიებული, რომ სათვალის გაკეთებას ლამობდი, მაგრამ შენი ცხვირის სრულიად განსაკუთრებული ფორმა და ათრთოლებული ხელები ამის საშუალებას არ გაძლევდა. განა არ მესმის? სისხლჩაქცევები და დასიებული თავ-პირი შენი პროფესიის ნაწილია, მაგრამ თვალებს უნდა გაუფრთხილდე. ხომ უნდა დაინახო, რამდენი ნული მიემატება შენს საბანკო ანგარიშს. ამ ნულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, მაგრამ შენი დაწყნარება არა და არ იქნა. მატარებელი გავიდა, ჯორჯ. შენ 46 წლისა ხარ, რა მოგცა შულცის დამარცხებამ? უფრო სწორად იმან, რაც შენს გამარჯვებად მოინათლა. შენ ჩემპიონი ხარ და რა გამოდის ამით? არც არაფერი. შენ მოსაწყენი ხარ, სპორტი სხვა გზით მიდის, გსიამოვნებს რინგზე დგომა? ძალიან მეეჭვება ამისა. თუ მართლა გიყვარს კრივი, დაამტკიცე ეს მასთან გამოთხოვებით. ამით შენთვისაც კარგ საქმეს გააკეთებ და კრივისთვისაც.
მარად შენი, ნაიჯელ კოლინზი
„რინგის“ მმართველი რედაქტორი
P.S. მეგობრებად ვრჩებით.“
ეს წერილი ორწელიწადნახევრის წინათ გამოქვეყნდა, მაშინ, როცა ჯორჯ ფორმენი ფედერაციის ჩემპიონის ქამარს მისწვდა და დამთვლელ მსაჯთა, კერძოდ კი, სამიდან ერთ-ერთის, ჯერი როტის მიერ მის სასარგებლოდ დათვლილი ორი დარტყმით ლას ვეგასის ტრიუმფატორი შეიქნა.
ამას როგორი ამბავიც მოჰყვა, წერილიდანაც ჩანს. ყველას მობეზრდა. უვარგისი ძია ჯორჯი, რომელიც ღმერთმა იცის, რატომ იდგა რინგზე. ზონზროხა, დუნე, ხელგამრუდებული, ძალაგამოცლილი კაცი, რომელიც თავს არ გვანებებს. რა, მის ფულის კეთებას უნდა შევეწიროთ?
შემდეგ ფორმენი მშიშარა კაცივით მოიქცა. შულცს უარი უთხრა რემატჩზე. ყველა ტიტული ჩამოერთვა და ლაქლაქს მოჰყვა, ყველას ყელში გავეჩხირეო. ამით დამთავრდა რინგზე დაბრუნებული რკინისმკვნეტელის ამბავიო, იფიქრა ხალხმა, მაგრამ ჯერ სად იყო? ფორმენი ვერ წავიდა.
თუნდაც ათასი დამცინავი და სალანძღავი წერილის ფასად, ბებერი ჯორჯი რინგზე დარჩა.
ფულზე გადარეული კაციაო, ამბობენ ერთნი. გაგიჟდაო, თვლიან მეორენი, ჭკვიანი როდის იყოო, უმატებენ მესამენი, არა, ძალიანაც ჭკვიანიაო, ფიქრობენ სხვანი.
ფულით გატენილი ტომარა ასე ჩხუბობდეს, არც გვსმენიაო, ეს კიდევ სხვათა აზრია.
ჯოჯ ფორმენი კი ბარე მეოცედ აცხადებს, ამ შემოდგომაზე კრივს გამოვეთხოვები და საქმეს მივხედავო.
ურჩხულის დაბრუნება
ყველას დაავიწყდა ამ ამბის დასაწყისი. ყველას დაავიწყდა, ვინ იყო ჯორჯ ფორმენი, როდის იყო ჯორჯ ფორმენი და როგორ ჩხუბობდა ჯორჯ ფორმენი. ყველამ იცის, რომ ჯორჯ ფორმენი არის. ის თითქოს კრივთან ერთად დაიბადა, ჯორჯ ფორმენი უკვე იქცა ისტორიად, ოღონდ მისი თავისებურება ის არის, რომ ის ცოცხალი ისტორიაა. ალბათ, საკრივო ღმერთმა სწორედ ამ კაცში გადაწყვიტა თავისი უკვდავების განივთება.
რატომ დგას ფორმენი რინგზე?
ამ კითხვაზე ასი პასუხი მაინც არსებობს. როგორ შეუძლია ორმოცდაათს მიტანებულ კაცს ორმოცდახუთი წუთი გაატაროს ხელების ქნევაში? ოთხი გაცილებული ცოლის, რვა შვილის, მრავალი ვიწრო ბიზნესის პატრონს, ბარე ოცი ჰამბურგერის ერთბაშად შემთქვლეფს, თავადაც ჰამბურგერების, კენტუკური შემწვარი წიწილების კოლოფებზე გამოხატულს, ვიდეოთამაშების გმირს, ეკლესიების ამშენებელს, განა კიდევ კრივის თავი აქვს?
ერთხანს ჯორჯ ფორმენი ბიბლიის სახალხო მკითხველად, მქადაგებლად იყო. იმასაობაში ლუდსაც ეძალებოდა. განთქმული მსმელი იყო მთელს ტეხასში. ლუდისმხვრეპთა საკრივო შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა და ბარე სამ კაცს ერთად გააბურთავებდა ხოლმე. ჭამა-სმას არ იკლებდა და ღიპიც გვარიანი ედო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ხოტორა თავი რომ დაამკვიდრა ზაგნთა შორის. ეჰ, სადღა იყო ძველი ქოჩორი, ქონებაც, ასე ვთქვათ, ვეღარ… ჯიბე უძირო ხომ არ ჰქონდა?
ძია ჯორჯი, მაშინ ოცდათვრამეტი წლისა იყო და უპატრონოთა თავშესაფრისა და სამლოცველო სახლის აშენებაზე ფიქრობდა. ამისთვის გვარიანი ფული იყო საჭირო და ვიღას ახსოვდა მშობელ სამხრეთში ჩაკარგული ძველი მებრძოლი?
ერთხელაც, ლუდით გაბერილმა გაიფიქრა: „რა სისულელეა?“ და იმ დღეს დაიბადა მოკრივე ჯორჯ ფორმენი.
ასე იყო – ეს სხვა ჯორჯ ფორმენი გახლდათ, არა ის ძველი, კანზასაში წაქცეული მანამდე უძლეველი ჩემპიონი, არამედ სხვა, ახალი, ორმოცი წლის კაცი.
თავიდანვე ამბობდა: „იმიტომ ვბრუნდები, რომ მაიკ ტაისონი უნდა გავლახო. ამონაგები ფულით კი ეკლესია ავაგო“.
ტაისონს უკვირდა: „სად გაგონილა, ხალხის ცემით მოგებული ფულით ღვთის სახლს აშენებდნენ. თანაც, ჩემამდე შორია“.
ტაისონამდე მართლაც შორი იყო. ფორმენმა რომ პრეტენდენტობის უფლება მოიპოვა, ტაისონი უკვე აღარ იყო ჩემპიონი. ბასტერ დუგლასისგან ნაგვემი გახლდათ. დუგლასს კი ევანდერ ჰოლიფილდი მორეოდა. ასე რომ, ძია ჯორჯი ჰოლიფილდს შეება და ქულებით დამარცხდა. და ეს არ იყო დასასრული. დასასრული დღესაც არა აქვს ამ ამბავს, რადგან ამ შერკინებიდანაც ბარე შვიდი წელიწადი გადის. არავის ახსოვს დასაწყისი, არავის ახსოვს ფრეზერისა და ნორტონის მომრევი დაუნდობელი ახალგაზრდა.
სამაგიეროდ, ყველას ახსოვს მეორე – ორმოცს მიტანებული კაცი, რომელიც რინგზე გამოჩნდა და ზედიზედ ოცდახუთი ბრძოლა მოიგო, რათა ქამრისკენ გაეკვალა გზა.
„ურჩხული დაბრუნდა!“ – დაწერეს გაზეთებმა.
ძაან სანახავი იყო, ნოკაუტებით სცემდა ძირს ყველას.
ორ დუჟინ რინგზე დაბრუნებულ ყველაზე სახელოვან ჩემპიონს შორის ვერც ერთი გამოდგა ასეთი. ვერც ერთმა გახლო ამდენ ხანს. არც ერთი არ ჩამოშორებია რინგს ამდენი წლით. ისვენებდა ათ წელიწადს, მას შემდეგ კრივობს ათ წელიწადს, ამ ათ წელიწადში წააგო მხოლოდ სამჯერ და მოიგო ოცდაათზე მეტი შერკინება.
სხვა არავინ ყოფილა ასეთი. არავის ჰქონია გაძლება და ჟინი. ფული? ეს თავისთავად გამოვიდა, ჯორჯ ფორმენმა თავად შექმნა თავისი ახალი სახე, ე.წ.„დადებითი იმიჯი“.
„ახალგაზრდობაში არავის მოვწონდი, ცხოველს მეძახდნენ. ახლა კომისქებში მხატავენ როგორც კეთილ მოხუცს“.
ძია ჯორჯი…
ძია ჯორჯ, გვიამბე ზღაპარი შენი ცხოვრებისა, გვითხარი, რა ხდება და როგორ? საკრივო ქომაგთა შორის უწლოვანმაც კი იცის, რომ დღეს ბერიკაცი ფორმენი ვერაფერს გააწყობს უძლიერესთა წინააღმდეგ, სამი წლის წინათ კიდევ შეიძლებოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ ახლა სასაცილოც კია.
როცა ტაისონი ციხიდან გამოვიდა, წამსვე ატყდა ხმაური. ერმა და ბერმა საოცნებო ჩხუბად მისი და ჯორჯის შეყრა გამოაცხადა. ფორმენმა ერთი-ორი დამამცირებელი სიტყვა ესროლა მაიკს და იდეა ამით ამოიწურა. ცხადი იყო, ჯორჯს არ უნდოდა. გასულ ზამთარს შენონ ბრიგსმა ქულებით დაჯაბნა ფორმენი ატლანტიკ სიტიში. აგერ ახლა შენონ ბრიგსი ძლივს გამოაცალეს ხელიდან ლენოქს ლუისს. რაღა დიდ ბრძოლაზეა ლაპარაკი?
და ჯორჯ ფორმენს აღარც უნდა დიდი ჩხუბები. მან კარგა ხანია ყველაფერი წააგო, შემდეგ ისევ მოიგო და ისევ წააგო. მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს.
საიდუმლო მხოლოდ სხვებისთვის დარჩა.
როგორ არის, რომ ორმოცდაათს მიტანებულ კაცს ასეთ გაძლება აქვს?
ორმოცდაათის მუჰამედ ალი თოთხმეტი წლის პენსიონერი და ინვალიდი იყო და სხვანი და სხვანი.
ამბობს პრომოუტერი რასელ პელტცი: „ფორმენი ჯან-ღონის საოცრებაა. დედამიწის ზურგზე არ არსებობს მეორე ასეთი კაცი. ეგებ გაგიკვირდეთ, მაგრამ ხალხს სჭირდება ფორმენი. ადამიანი არ გადაიხდის ორმოც დოლარს ჯოზეფ კივანაკას და ენტონი ბერდის ჩხუბის საცქერლად. მძიმე წონაში სულ ოთხი მოკრივეა ისეთი, ვის სანახავადაც კაცს ფული არ დაენანება. ჯორჯი ამ ოთხს შორისაა. რით არის საოცარი ეს კაცი? სანამ ის რინგზე დგას, ის საჭიროა. თავადაც მშვენივრად იცის ეს ამბავი.“
სანამ რინგზე დგასო?
დგას კი არადა, ეს კაცი რინგს შეუერთდა.
როდემდე?
როგორც კი ძია ჯორჯი მორიგ მოწინააღმდეგეს შეირჩევს, ერთი ამბავი ატყდება ხოლმე. სად გამოძებნა კროუფორდ გრიმსლი? ეგ ბიჭი მოკრივეც კი არ არის, კიკბოქსერია? რად უნდა ასეთი ჩხუბი?
ფორმენი კი უკვე ბრძენკაცია. მან იცის, რამდენს ასწევს. დღეს კროუფორდ გრიმსლის თუ გასწვდება, ხვალ ეგებ მეტიც შეძლოს. ასე არ იყო ერთი წლის წინათ, როცა ატლანტიკ სიტის „ქონვენშენ სენთერში“ ძია ჯორჯი მთელს თორმეტ რაუნდს დაუდგა ლუ სავარეზეს? სავარეზე კი არ არის კროუფორდ გრიმსლი, არც გუშინდელი ბიჭია. მძიმე წონის დივიზიონში მას თავისი წონა აქვს და ათეულის პირასაა. ჯორჯმა კი აიღო და ერთი მაგრად გაასილაქა. ორმოცდახუთ წუთს იდგა რინგზე და ქულებით გაიმარჯვა. იხუმრეს კიდეც, ბებერმა ნოკაუტის უნარი დაჰკარგა, ახლა მხოლოდ ქულებით იგებსო. „ქონვენშენის“ კაზინოს საპეიჯინგო სისტემა კი განუწყვეტლივ რეკდა. ტექსტი ერთნაირი, ან თითქმის ერთნაირი იყო: „ჯორჯ ფორმენ! ჯიგარი ხარ, კაცი ხარ…“
საკრივო ამუნიციის ფორმა „სპარტანის“ სამოსში გამოწყობილი ფორმენი კი მართლაც სპარტელ მეომარს ჰგავდა. მის ასაკში კი მართლაც ძნელია ნოკაუტის მოხერხება. ასეთი რამ ასი წლის წინათაც ვერ ჰქნა ბობ ფიცსიმონსმა, რომელიც, რა დასამალია და კარგა ბებერი კრივობდა. თუმცა ის დროება და დღევანდელი ამბავი, ძნელი შესადარებელია.
თანაც ჯორჯ ფორმენის განსაკუთრებულობა მის დაბრუნებაშია. ალისთან მარცხით გულდამწვარი რომ წავიდა კრივიდან, მთელს ათ წელიწადს იყო სხვაგან და მერეღა დაბრუნდა, რათა ხალხისთვის სხვანაირი, ბიძაკაცად ქცეული „ხორცის საკეპი მანქანა“ ეჩვენებინა.
კარიერაში 68 ნოკაუტი მიუთვლია ჯორჯ ფორმენს. 81 შერკინებაში კი მხოლოდ ხუთჯერ დამარცხებულა. განა მისწვდა არჩი მურის განუმეორებელ რეკორდს, რომელიც 145 ნოკაუტს მოიცავს?
ქვემძიმე წონის ჩემპიონსა და ლეგენდას, არჩი მურს არასოდეს შეუწყვეტია კრივი, რაც 39 წლის მოიყარა, კიდევ ერთხელ მოიგო ტიტული და ამის შემდეგ 59 ბრძოლა გამართა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი წააგო. მათ შორის მძიმე წონის მომავალ ჩემპიონებთან როკი მარჩიანოსთან, ფლოიდ პატერსონთან და კასიუუს კლეისთან. 49 წლის იყო არჩი მური, როცა ალის (მაშინ კლეის) ოთხი რაუნდი გაუძლო.
მური ახლა ცოცხალია, 83 წლისაა და სან დიეგოში ცხოვრობს. მას რომ ჰკითხოთ, ფორმენმა რინგიდან წასვლაზე არ უნდა იფიქროს და ერთი ოციოდ მილიონი კიდევ უნდა იშოვოს. მურისავე განსჯით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ მსოფლიო რომელიმე მძიმეწონოსანმა ჯორჯი ნოკაუტში ჩააგდოს. „დღეს ეს შეუძლებელია“ – აცხადებს ბებერი მანგუსტა.
ვინ, ვინ და არჩი მურმა კარგად იცის ფორმენის ამბავი. როდესაც ჯორჯი ახალგაზრდა იყო, მურიც მის სამწვრთნელო ბანაკში ირიცხებოდა და შემხვედრი დარტყმების ფანდიც დაამხეცებინა. ასე რომ მათ მხოლოდ ალისგან ნაგემი ნოკაუტები არ აერთიანებთ.
ისტორიას მართლაც არ უჩანს ბოლო.
ამასწინათ კიდევ ორმოცდაშვიდი წლის ლარი ჰოლმსმა განაცხადა, ჯორჯთან ჩხუბი მწადიაო.
როდემდე?
ამბობენ, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე.
ვინ არის ეს კაცი?
ჯორჯ ფორმენზე რომ გადაწყვეტ რაიმეს დაწერას, უეჭველად რომანტიკული განწყობილება დაგეუფლება. აუცილებლად მოგინდება აღწერო თავგადასავალი ბობოქარი და გაუტეხელი კაცისა, რომელმაც იპოვა ძალა ღირსეული დაბრუნებისა.
მაგრამ ჯორჯ ფორმენი რომანტიკოსი არ არის. ის არასოდეს ამბობს გულის ამაჩქროლებელ სიტყვებს. არც გმირს ძერწავს საკუთარი თავისგან. უბრალოდ, ჯორჯი ცხოვრობს და საქმიანობს. ბრძოლისშემდგომ პრესკონფერენციებს ჩვეულებრივ, სახუმარო სიტყვებით იწყებს და ეს სიტყვები ყოველთვის ერთნაირად ჟღერს: „აბა, სად არის ჩემი ფული?“
და სწორიცაა, მართალია.
შენ შეგიძლია წერილი გაუგზავნო და გალანძღო, რადგან ორმოცდაათს მიტანებული დგას რინგზე და ფულს აგროვებს, მაგრამ ის ყურს არ გათხოვებს. რადგან მშვენივრად იცის, არ არსებობს სხვა მისნაირი კაცი. არ არის მეორე ჯორჯ ფორმენი, არ ყოფილა და ალბათ არც იქნება.
ყოველგვარი რომანტიკის, განდიდების, სიდიადის, საღი აზრის და კრიტიკის გარეშე, არ არის მეორე ასეთი კაცი რინგზე.
რატომ?
ალბათ, იმიტომ, რომ კრივის ღმერთს გადაუწყვეტია ერთი ისეთი მებრძოლის შექმნა, რომელსაც ვერაფერს დააკლებდა წლები, საამისოდ კი მისთვის აქამდე გაუგონარი ჯანი და უნარი დაუნათლებია. სწორედ ამიტომ, კრივის ღმერთს ლუდხანიდან გამოუყვანია სქელუა სახალხო მქადაგებელი და ჯიმში შეუყვანია.
„ეს შენი საქმეა, ჯორჯ“.
„და, სად არის ჩემი ფული?“
04.04.1998