„სანის” თანახმად ანტონიო კონტე შეიძლება „ჩელსის” მწვრთნელად იმ შემთხვევაშიც კი დატოვონ თუ ის გუნდს პრემიერლიგის ოთხეულში ვერ შეიყვანს. მანჩესტერის გუნდებთან ზედიზედ ორმა წაგებამ „ლურჯები” „ტოტენჰემის” შემდეგ, მეხუთე ადგილზე დატოვა. ლონდონურ გუნდებს შორის სხვაობა ხუთი ქულაა.

რომან აბრამოვიჩი

„ჩელსის” ჩემპიონთა ლიგაშიც დიდი ბრძოლა ელის — მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა „ბარსელონასთან”. პირველი მატჩი, „სტემფორდ ბრიჯზე” 1:1 დამთავრდა.

მაგრამ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა, კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი მზად არის იტალიელი თანამდებობაზე დატოვოს, ოღონდ ერთი პირობით — მან უნდა შეწყვიტოს საჯარო წუწუნი, რომ სატრანსფერო ბაზრისთვის საკმარის ფულს არ აძლევენ. ბოლო პერიოდში „ჩელსის” მწვრთნელმა პრესასთან რამდენჯერმე დაიჩივლა, „მანჩესტერ სიტის” კონკურენცია როგორ გავუწიო, როდესაც მაღალი დონის ახალი ფეხბურთელების საყიდლად ფულს არ მაძლევენო, რამაც აბრამოვიჩი გააღიზიანა.

„ჩესლის” კულუარებთან დაკავშირებულმა წყარომ „სანს” უთხრა: „როდესაც საქმე მწვრთნელის მოხსნას ეხება, რომანი სულაც არ გრძნობს თავს ბედნიერად. ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდის თავკაცთან კონტრაქტის შესაწყვეტად საკმარისი არ არის. ამ ეტაპზე რომანს უნდა, რომ კონტემ მუშაობა გააგრძელოს. აბრამოვიჩმა პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ანტონიო საჯაროდ ჩივილს არ შეწყვეტს. ხალხსაც მობეზრდა ეს წუწუნი”.

ცნობისთვის: ანტონიო კონტე „ჩელსიში” 2016 წელს მივიდა და მას მერე სატრანსფერო ბაზარზე 180 მილიონი გირვანქა (201,65 მილიონი ევრო) დახარჯა.