„მესის „ატლეტიკოს” ფორმა რომ ცმოდა, 1:0-ს ჩვენ მოვიგებდით” — თქვა „კამპ ნოუზე” გამართული მატჩის შემდეგ მადრიდელთა არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ. „ბარსას” ლიდერმა პირველ ტაიმში საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომლის წყალობითაც მასპნძლებმა გაიმარჯვეს, მდევარი 3 ქულით ჩამოიტოვეს და ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს.
„თანაბარი შეხვედრა იყო, — განაგრძო „რივერ პლეიტის” ყოფილმა თავკაცმა, — პირველ ტაიმშიც მონდომებით ვითამაშეთ, თუმცა მეორეში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მატჩის ბედი კი მესიმ გადაწყვიტა. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია.
ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს მიზნებთან მეტად მიახლოებაც შეგვიძლია, მაგრამ არსებობს სტატისტიკუად დამტკიცებული ფაქტი, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში ლა ლიგაში „ბარსელონა” და „რეალი” დომინირებენ. 2013-14 წლების სეზონში ჩემპიონები ჩვენ გავხდით, რაც შეუძლებლის შეძლებას უდრიდა, მაგრამ ამ შედეგის გამეორება ძალიან ძნელია”.
შეხვედრა სიმეონესთვის ტაქტიკურადაც საინტერესო გამოდგა. „ატლეტიკომ” მოედნის ცენტრალურ მონაკვეთებში მოთამაშეთა სიმრავლე შექმნა, რითაც „ბარსას” 4-4-2 შეზღუდა. მადრიდელთა მწვრთნელმა თქვა:
„მომწონს, როდესაც „ბარსელონა” ორგანიზებულია და დაცვაში მჭიდროდ თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდისთვის 4-3-3 განლაგება ერთადერთი შესაძლო ვარიანტი სულაც არ არის. ერნესტო ვალვერდე შესანიშნავად მუშაობს”.