
ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ იმას, რაც ფეხბურთელობის წლებში დააკლდა, ახლა, 43 წლისა აინაზღაურებს — ლაპარაკია ინგლისში დამკვიდრებაზე. „იუვენტუსის” ლეგენდამ და თავისი ეპოქის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა 11 წელიწადი ტურინულ კლუბში გაატარა; კარიერის დასაწყისში ორი წელიწადი თამაშობდა „პადოვაში”, ბოლოს კი ავსტრალიასა და ინდოეთშიც აგორა ბურთი. პრემიერლიგაში არასდროს ყოფილა.
კარიერის დამთავრების შემდეგ „პინტურიჩომ” გლამურულ-სპორტული ტანსაცმლის ხაზი Air Dp დააარსა და ახლა თავისი მაღაზიების ინგლისში გახსნას აპირებს.
„ინგლისი ელეგანტური და ცივილურია, — თქვა დელ პიერომ, — ის, რაც ფეხბურთელობისას დამაკლდა, ჩემი ბრენდის საშუალებით უნდა ავინაზღაურო. მინდა ჩემი სტილი და პროდუქტი მსოფლიოში გავრცელდეს. ახლა ის ინგლისში შემომაქვს”.
საიდან გაჩნდა ტანსაცმლისა და აქსესუარების ბიზნესში ჩართვის იდეა? მსოფლიოს ჩემპიონი პასუხობს:
„ეს იდეა გოლფის თამაშის, საქანელაზე ქანაობისა და ოჯახის წევრებთან ერთად სიცილის დროს ჰაერიდან გაჩნდა. ის ცხოვრებისადმი ახალი დამოკიდებულების შედეგი გახლდათ”.
დელ პიერო ამბობს, რომ მისთვის მაგალითი დევიდ ბექემია, რომელმაც თავისი ბრენდით აშშ-ში მიაღწია წარმატებას.
„მოდაში ყოველთვის ბრიტანული გემოვნება მქონდა. ამას პირდაპირ, დაუფარავად ვამბობ. დევიდ ბექემი კი რასაკვირველია, მისაბაძია” — დასძინა ვეტერანმა, რომლის გამო მარჩელომ ლიპიმ, 1995 წელს, „იუვენტუსიდან” თვით დიდი რობერტო ბაჯო გაუშვა.