ზამთრის ოლიმპიადა დამთავრდა. ნორვეგიის ნაკრებმა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა და ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. სკანდინავიელებმა ჯამში 39 მედალი (14 ოქროს, 14 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს) მოიპოვეს. თუ გვათვალისწინებთ, რომ პიონჩანგში სულ მედლების 102 კომპლექტი გათამაშდა, გამოდის, რომ ნორვეგიელებმა მედლების თითქმის 13 პროცენტი მოიგეს. მანამდე რეკორდი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ეკუთვნოდა – 37.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მედლების რაოდენობა ყოველ ოლიმპიადაზე იზრდება: სოჭში (2014)  98 კომპლექტი გათამაშდა, ვანკუვერში (2010) – 86,  ტურინში (2006) – 84, სოლტ ლეიკ სიტიში (2002) – 78.

დღეს ოლიმპიადის რამდენიმე სახალისო ეპიზოდს გთავაზობთ. დარჩენებიც მერე იყოს.

ესტერ ლედეჩკა

ჩეხი ესტერ ლედეჩკა პირველი სპორტსმენი გახდა რომელმაც ზამთრის ოლიმპიადებზე სპორტის ორ სახეობაში მოიპოვა ოქროს მედალი. თავიდან მან სამთო თხილამურობის გიგანტურ სლალომში აჯობა ყველას, შემდეგ კი ამას სნოუბორდის ოქროც დაუმატა.

ესტერმა ჟურნალისტები კიდევ ერთხელ პრესკონფერენციაზე გააოცა, როცა ორჯერ გამოცხადდა, ჯერ მოთხილამურის დიდი სათვალით, შემდეგ კი ნიღბით. ამ ტრანსფორმაციის მიზეზი მარტივად ახსნა – დრო არ მქონდა მაკიაჟის გასაკეთებლადო.

უშიშროების აგენტი ჩემპიონი

22 თებერვალს ბელარუსის  ქალ ბიატლონისტთა ნაკრებმა 4×6 კილომეტრიანი ესტაფეტა სენსაციურად მოიგო. დარია დომრაჩოვა კი ამ სპორტის სახეობაში პირველი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა  შეიტყვეს, რომ დომრაჩოვა 2014 წლამდე ბელარუსულ კგბ-ში (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მსახურობდა და შაშხანის მიზანში გარტყმაც იქ უსწავლია. ცნობილია, რომ ძველი საბჭოთა უშიშროების კომიტეტის აბრევიატურა – კგბ – მხოლოდ ბელარუსშია შემორჩენილი.

დომრაჩოვა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბიატლონისტის, ნორვეგიელი ულე ეინარ ბიორნდალენის მეუღლეა.

ბონდის ქალი

სპორტულმა საარბიტრჟო სასამართლომ რუს მექერლინგეებს, ცოლ-ქმარ ალექსანდრ კრუშელნიცკის და ანასტასია ბრიზგალოვას ბრინჯაოს მედლები ჩამოართვა. მიზეზი კრუშელნიცკის ორგნიზმში აღმოჩენილი მელდონიუმი გახლდათ. თავად სპორტსმენმა დაიქადნა:  სიმართლეს ოლიმპიადის შემდეგ გავარკვევო. თუმცა ამ წყვილმა სულ სხვა რამით მიიქცია მსოფლიოს ყურადრება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ბრიზგალოვას „ბონდის ქალი“ დაარქვა. მართლაც პირმშვენიერია ანასტასია.

ნივრის გოგონები

ხუთი კიმი – ინტერნეტსივრცის და მთელი კორეის გმირები გახდნენ.

ეს ხუთი გოგონა ქერლინგს ისე მარდად თამაშობს, რომ ოლიმპიადის ფინალშიც კი გააღწიეს.

ხუთივე კიმია და ეს  კორეაში ყველაზე გავრცელებული გვარია.

მათი პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლოც ეს არის. ხუმრობით კი „ნივრის გოგონები“ შეარქვეს, რადგან ქალაქ ისონიდან არიან. ეს ქალაქი ხარისხიანი ნივრის წარმოებით ყოფილა ცნობილი და შესასვლელში ნივრის დიდი ძეგლიც ჰქონიათ აღმართული.