ოთხ დღეში ორჯერ, კაცოო! (ზურაბ ქაფიანიძის ხმით). ორივეჯერ 3:0! ჯერ ლიგის თასის ფინალში და მერე ჩემპიონატის მორიგ ტურში. გაგონილა?! ჩემპიონატის ტურში პენალტიც კი ააცილეს ამ საცოდავებმა…
არადა, ფინალის მერე თქვა იმ კაცმა, ეს როგორ მოგვივიდა, ტაქტიკა სულ მათემატიკურად გვქონდა გამოთვლილიო. ეტყობა, ყველაფერი უკვე ისე იყო წამხდარი, რომ მათემატიკა აღარ შველოდა. ჩვენში ამას აჭრას ეძახიან. რომ აიჭრები, გენიოსი იყავი თუ გინდა, აღარაფერი გშველის. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ ვაგლახ.
ერთი ქართველი ვეტერანი მეუბნებოდა — ყველა ფეხბურთელს აქვს პერიოდი, როდესაც ვარჯიშობს, ინდომებს, კარგ ფორმაშია, მაგრამ უცებ ყველაფერი ყირაზე დგება; ისევ ინდომებს, ისევ ვარჯიშობს, ცხოვრების წესშიც არაფერი შეუცვლია, ოღონდ ამაოდ. ერთი დათარსული დღის მერე უიღბლობას უიღბლობა მოსდევს და ფეხბურთელიც ლამისაა გაგიჟდეს, რა წყალში გადავარდეს აღარ იცისო. და თუ ასეთი რამ შეიძლება დაემართოს ერთ მოთამაშეს, წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოუვიდეს მთელ გუნდს, უფრო სწორედ მთელ კლუბს, გაცილებით რთულ ორგანიზმს, რომელიც ბევრი მოთამაშისგან და სხვა მრავალი ადამიანისგან შედგება.
ამიტომაც დგას (თუ ტირის) არსენ ვენგერი ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული. გაზეთებში და პორტალებზე იწერება, რომ მის ხელში „ემირეიტი” დაცარიელდა. წერენ, რომ „არსენალი” ასეთი საცოდავი არასდროს ყოფილა. ტრიბუნებიდან ისმის „ბუუუუუ“! ტელეკამერები მსხვილი პლანით აჩვენებენ სადღაც, ტრიბუნაზე ასლუკუნებულ ბავშვს და ამით იმის თქმა უნდათ, რომ ბავშვის ცრემლზეც ვენგერია პასუხისმგებელი.
და აღარავის ახსოვს, სად იყო „არსენალი” 21 წლის წინ, როდესაც მას სათავეში იაპონიიდან ჩამოსული უცნობი ფრანგი ჩაუდგა. ყველას დაავიწყდა რამხელა ფეხბურთი ათამაშა ამ ფრანგმა გუნდს საუკეთესო წლებში. აღარავის სურს აღიაროს, რომ დღეს „არსენალს” დიდ წარმატებებს იმიტომ სთხოვენ, რომ ვენგერმა აქცია წარმატებულ გუნდად. და კიდევ აი, რა ავიწყდებათ:
21-ე საუკუნის დასაწყისში, უკიდეგანო პრემიერლიგური ბიზნესით აღტაცებულმა კლუბის პატრონ-შეფ-დირექტორებმა პატარა „ჰაიბერის” დანგრევა და ახალი, ტევადი, თანამედროვე სტადიონის აგება გადაწყვიტეს. ასე იყო საჭირო კიდევ უფრო მეტი ფულის კეთებისთვის. ფულის კეთება კი იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ არსენ ვენგერმა „არსენალისგან” დიდი გუნდი გამოძერწა. დაიბარეს შეფებმა მწვრთნელი და უთხრეს, ჩვენ ბანკისგან 300 მილიონ გირვანქაზე მეტი უნდა ვისესხოთ, ამიტომ ძვირადღირებულ მოთამაშეებს ვეღარ გიყიდით. სანამ ვალს არ დავფარავთ, თავად უნდა მოიძიო პატარა ბიჭები და აღზარდო, ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელით კი ჯანდაბას, ხანდახან დაგეხმარებითო. ლონდონური კლუბის ცხოვრებით დაინტერესებული ხალხისთვის ეს ამბავი საიდუმლო არ არის, შიგადაშიგ წერდნენ ხოლმე.
რაღა ექნა ვენგერს? ასე იქცა ტიერი ანრის და დენის ბერგკამპის მენტორიდან ათასი ჯიშისა და ჯურის პატარა ბიჭის დაწყებითი კლასის პედაგოგად, რომელიც იმავდოულად პრემიერლიგის ზედა ადგილებისთვის იბრძოდა.
წელი წელს მოსდევდა. „ემირეიტი” აშენდა. პატრონ-შეფ-დირექტორებმა ბანკის ვალიც დაფარეს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში „არსენალში” რაღაც შეიცვალა. წვრილფეხობამ იმატა. არწივების გუნდი ჭილყვავების გაერთიანებად გარდაიქმნა და მართალია, მაინც ძალიან სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა, დიდ სიმაღლეებს ვეღარ შესწვდა.
ინგლისური გაზეთები წერდნენ, რომ „მანჩესტერ სიტისთან” ლიგის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ გერმანელმა ვეტერანმა და თითქმის უკვე მწვრთნელმა, პერ მერტესაკერმა „არსენალის” ფეხბურთელები შეკრიბა და მათი გამოფხიზლება სცადა. აუხსნა, რამხელა ადამიანს აყენებდნენ დარტყმის ქვეშ. უთხრა, რომ უპირველეს ყოვლისა არსენ ვენგერის გამო უნდა მოეგოთ თამაშები. გაზეთები წერდნენ, რომ ფეხბურთელებმა ერთმანეთის დადანაშაულება შეწყვიტეს და მერტესაკერს დაეთანხმნენ, მაგრამ… გავიდა ოთხი დღე და „მანჩესტერ სიტიმ” მეორედ მოუგო „მეთოფეებს” 3:0.
ჰოდა, ამას უკვე ჩვენებურად აჭრა ჰქვია. გინდა ვენგერი იყავი და გინდა დიდი რელიგიური ლიდერი, საქმეს აღარაფერი ეშველება. როგორც ჩანს მართლა მოახლოვდა საოცარი ეპოქის დასასრული, თორემ გაგონილა. პენალტიც კი ააცილეს ამ თავგზააბნეულებმა.