ლუის ვან გაალისა და „ბაიერნის” გზები შვიდი წლის წინ, 2011-ში გაიყო, მაგრამ ჰოლანდიელს ბავარიული კლუბი დღემდე უყვარს.
„რასაკვირველია, მიყვარს. „მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, კომერციული კლუბია. „ბაიერნი” მისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეფები ყოფილი ფეხბურთელები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან, რომელთაც ზუსტად იციან რა უნდათ. მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი ფული უმთავრესია. სწორედ ამიტომ მიყვარს „ბაიერნი”, — თქვა 66 წლის ვან გაალმა „შპორტ ბილდთან” ინტერვიუში.
გერმანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა, ერთ მშვენიერ დღეს ის კვლავ ჩაუდგეს „რეკორდმაისტერს” სათავეში. ჰოლანდიელმა კატეგორიულად უპასუხა:
„სანამ „ბაიერნში” ული ჰიონესი მუშაობს, იქ ჩემი ფეხი არ იქნება”.
ასეთი პასუხი ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან დადიოდა ხმა, რომ 2010 წელს, კლუჟში, სადაც „ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ ჩავიდა, ჰიონესმა და ვან გაალმა, შერიგება წითელი ღვინით აღნიშნეს.
„მართალია, კლუჟში ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს სასიამოვნო საუბარი არ იყო. სწორედ მაშინ მითხრა მეუღლემ, თუ მართლა ასეთი ლაპარაკი გქონდათ, დროა მიუნხენიდან წახვიდეო, — თქვა ვან გაალმა და კონფლიქტის მიზეზი განმარტა, — იმ პერიოდში მარჯვენა მცველად ფილიპ ლამი თამაშობდა. ჰიონესს კი უნდოდა ლამი მარცხენა ფრთაზე გადამეყვანა და ამის გამო დიდი კამათი მოგვივიდა. დრომ დაამტკიცა, რომ მე მართალი ვიყავი. ლამი საუცხოო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
ასეთივე ისტორია იყო თომას მიულერთან დაკავშირებით. როდესაც ჰერმან გერლანმა ეს ნიჭიერი ფეხბურთელი შემომთავაზა და მე მისი ძირითად შემადგენლობაში გამოყვანა დავიწყე, ჩემმა ცოლმა ჰიონესის ოფისში ლაპარაკს მოჰკრა ყური: ამისმა ქმარმა ისევ არასწორად შეურჩია ფეხბურთელს პოზიციაო, — ამბობდნენ ვიღაცები.
იგივე მოხდა დავიდ ალაბას შემთხვევაშიც. ამბობდნენ, ვან გაალი ალაბას ჩააცივდა, ათამაშებს და ათამაშებს, არადა ავსტრიელი შეცდომებს უშვებსო. დღეს ალაბა „ბავარიის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”.
და ის მართალია, რომ ვან გაალმა ლუკა ტონის ყური აუწია?
„მართალია, — უპასუხა ჰოლანდიელმა, — ეს სასადილოში მოხდა. მე ჩავთვალე, რომ ტონის ქცევა დანარჩენ ფეხბურთელებს შეურაცხყოფდა. მწამს, პირველ ადგილზე უნდა იყოს გუნდი და მხოლოდ შემდეგ ესა თუ ის ინდივიდუმი”.