არსენ ვენგერის 22 წლიანი არსენალური საგა ახლა, ეტყობა, საბოლოოდ მიუახლოვდა დასასრულს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ მედიას თუ დავესესხებით,მომავალ სეზონს „მეთოფეები“ სავარაუდოდ ახალი მწვრთნელით დაიწყებენ. კანდიდატებსაც ასახელებენ. გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვს, „სელტიკის“ მენეჯერ ბრენდან როჯერსს და „სიტიში“ გვარდიოლას თანაშემწე მიკელ არტეტას. აქა-იქ „მონაკოს“ დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმსაც ახსენებენ.
გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „სიტისთან“ შერცხვენის შემდეგ, ვენგერის კრიტიკა გაორმაგდა. ახლა მას დარჩენის ერთი შანსი აქვს – მოახვედროს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში. ამჟამად „მეთოფეები“ პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზე არიან და 10 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონთა ლიგის ზონას. ცხადია, თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ბოლოდროინდელი უსახური თამაშიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა ეს დეფიციტი აღმოფხვრან. რჩება ერთადერთი გზა – ევროპის ლიგა, რომლის მოგების შემთხვევაში, „მანჩესტერის“ არ იყოს, მთავარი საკლუბო ტურნირის საგზურს მიიღებენ. თუმცა არც აქაა საქმე იოლად. მერვედფინალში „არსენალი“ „მილანს“ ხვდება. გუნდს, რომელიც ჯენარო გატუზომ გააცოცხლა და ზედიზედ ამარცხებს ყველას. ლომბარდიელებიც ჩრდილოლონდონელთა დღეში არიან, ჩემპიონთა ლიგის ზონას სერია A-ში 7 ქულით ჩამორეჩებიან, ამიტომ ევროპის ლიგა მათთვისაც უმნიშვნელოვანესია.
რამდენიმე წლის წინათ ვენგერმა თქვა სიტყვბი, რომლებსაც დღემდე უხსენებენ. მაშინ არსენმა დასძინა: ჩემთვის ხუთი პრიორიტეტი არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერლიგის მოგებაა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგისა. მესამე ადგილზე ლიგაში მოხვედრაა, ბოლოს კი ასოციაციის და ლიგის თასებიო. 2006-16 წლეში გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იკავებდა და ვენგერი კმაყოფილი იყო – ლიგაში მაინც ხვდებოდა.
მაგრამ შარშან „არსენალმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა და ლიგას დაშორდა. ქომაგები მის გადადგომას მთელი სეზონის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა გასულ ზაფხულს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუგრძელეს. ინიციატორი კლუბის ერთ-ერთი მფლობელი, ამერიკელი ბიზნესმენი სტენ კრონკე გახლდათ, რომელიც კლუბში 2007 წელს მივიდა და მას შემდეგ ვენგერის მთავარ საყრდენად ითვლებოდა.
თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა. კლუბში საქმიანობს სტენის ვაჟი ჯოშ კრონკეც, რომელიც კვირას „უემბლიზე“ თასის ფინალს დასწრებია და ერთობ უკმაყოფილო დარჩენილა ნანახით. აქ მარტო 0:3 წაგებაში არ არის საქმე. მთავარი ის უსუსურობაა, რომელსაც ვენგერის სამწყსო 90 წუთის განმავლოვბაში უჩვენებდა. ჯოშს მიაჩნია, რომ ვენგერი აღარ არის ის კაცი, რომელიც გუნდს განავითარებს და წინ წაიყვანს. მით უმეტეს, თუ ზედიზდ მეორედ ვერ მოხვდნენ ლიგაში, კლუბი ფინანსურად დიდად იზარალებს.
ფეხბურთელებს კი გაქცევაზე უჭირავთ თვალი. მაგალითად, აარონ რემზი და ეკტორ ბელერინი არ მალავენ, რომ ისეთ კლუბში სურთ თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. მსგავსად თურმე კიდე რამდნიმე არსენალელი ფეიქრობს.
ვითომ ვენგერის ერა მთავრდება? შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში 1996 წლის აგვისტოში მივიდა და ამ ხნის განმავლობაში სამჯერ პრემიერლიგაში გაამარჯვებინა, შვიდჯერ ასოციაციის თასი და ამდენჯერვე ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა. 2006 წლის გაზაფხულზე კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა სადაც „ბარსელონასთან“ დამარცხდა.
არსენი უკვე ლეგენდარული კაცია – მეორეა პრემიერლიგაში ალექს ფერგიუსონის შემდეგ, ვისაც ერთ კლუბში 20 წელიწადზე მეტ ხანს უმუშავია.