ნეიმარი და მესის ჩრდილი

Home აქეთურ-იქითური ნეიმარი და მესის ჩრდილი
ნეიმარი და მესის ჩრდილი

„არსენალისა” და „ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, ინგლისური „სქაი სპორტის” ფრანგმა ტელეწამყვანმა ტიერი ანრიმ სამშაბათს, „სტემფორდ ბრიჯიზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მსვლელობისას ლიონელ მესიზე და ნეიმარზე ილაპარაკა. „სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” და „ბარსელონამ” 1:1 ითამაშეს. სტუმართაგან გოლი სწორედ არგენტინელმა გაიტანა.

როდესაც ანრის ჰკითხეს, მისი აზრით რატომ წავიდა ნეიმარი „ბარსადან”, ამ ნაბიჯით მესის ჩრდილში ყოფნას ხომ არ აარიდა თავი, ყოფილმა ფორვარდმა უპასუხა: „არ ვიცი რატომ წავიდა ნეიმარი „ბარსელონადან”. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს ყველა ფეხბურთელი მესის ჩრდილშია და თუ ნეიმარს გარიდება უნდა, სპორტის სახეობა უნდა გამოიცვალოს”.

ანრი სამი წლის განმავლობაში (2007-2010) „კამპ ნოუზე” მესის თანაგუნდელი იყო.