ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში ჩილელი არტურო ვიდალის ყიდვას აპირებს. მოგეხსენებათ, ვიდალი ამჟამად „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ მისი მომავალი ჰაერში კიდია.

ბუნდესლიგის ლიდერმა „შალკესგან” ლეონ გორეცკა დაიბევა და სეზონის დამთავრების შემდეგ მის კონტრაქტს ოფიციალურ სახეს მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდალის საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზად არის 30 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” წაიყვანოს. თურმე ჟოზე მოურინიუს მისი და ბოლო დროს კალაპოტიდან ამოვარდნილი პოლ პოგბას ერთად თამაში აქვს ჩაფიქრებული. ეს წყვილი „იუვენტუსში” ერთად იყო და ერთმანეთის კარგად ესმის.

არტურო ვიდალი და პოლ პოგბა „იუვენტუსში”

ამრიგად, პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელსაც, როგორც ამბობენ, გასულ კვირას პოგბასთან ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა, იმედოვნებს, რომ ვიდალი ფრანგს გამოაცოცხლებს, მაგრამ… ვითარება კიდევ უფრო ჩახლართული აღმოჩნდა: დიდი ხანი არ არის რაც „იუნაიტედმა” „არსენალისგან” ვიდალის თანამემამულე ალექსის სანჩესი იყიდა, რომელიც თურმე „ბაიერნის” ნახევარმცველთან უბრად არის. არადა, ჩილეს ნაკრებმა  2015 და 2016 წლებში „კოპა ამერიკა” რომ მოიგო სანჩესის და ვიდალის დიდი დამსახურებაა.

კონფლიქტის მიზეზი ასეთია: 2015 წელს, სწორედ „კოპა ამერიკას” დღეებში ვიდალი დათვრა და სანჩესის მანქანა მილეწა. ამბობენ, რომ სანჩესს არტუროსთვის ეს ამბავი ვერა და ვერ უპატიებია. შემდეგ ჩილე მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩა, რამაც გუნდში ურთიერთობები მთლად არია. დღეს ჩილეს ნაკრებში ორი დაჯგუფება ყოფილა — ვიდალის მეგობრები და სანჩესის მეგობრები. როგორ მოიყრის ეს ყველაფერი თავს „მანჩესტერ იუნაიტედში”, გაუგებარია.