მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თეორიულად კი სამშაბათს, 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგა დიდ დაპირისპირებას გვპირდება: „ჩელსი” „ბარსელონას” მასპინძლობს. ლონდონელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ „ბარსას” მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი „ტრადიციას” გააგრძელებს და „ლურჯების” კარში გოლს ვერ გაიტანს.

არგენტინელს „ჩელსის” წინააღმდეგ კარიერაში რვაჯერ უთამაშია, მაგრამ გოლი არ აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ ამ რვა შეხვედრაში „ბარსელონამ” ლონდონელებს მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს (2:1) მოუგო.

„რასაკვირველია, დიდი იმედი მაქვს, რომ მესი ტრადიციას არ დაარღვევს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს — ჩვენ ფანტასტიკურ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ. მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემთ, თუმცა „ბარსელონასთან” დაპირისპირება გამოწვევად უნდა მივიღოთ და მის წინააღმდეგ გატაცებით უნდა ვითამაშოთ. მესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ოღონდ მას გუნდურად უნდა დავუდგეთ. რომელიმე ერთი ფეხბურთელის იმედად არ ვიქნებით”, — თქვა იტალიელმა.