საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იმ 21 ფეხბურთელიდან, რომლებიც მწვრთნელმა სტივ კუპერმა ინდოეთში იახლა, ხუთი „ჩელსის“, სამი კი „სიტის“ აკადემიიდან იყო და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ეს გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში ასოციაციის თასის ახალგაზრდულ ფინალში და სამივეჯერ „ჩელსიმ“ იმარჯვა.
ჩვენთან ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გვაქვს. დიღომში, თბილისის „დინამოს“ ვიტალი დარასელიას სახელობისა, რომელიც 2013 წელს გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონიდან აგროვებს ნიჭიერ ბავშვებს. წლეულს იანვარში მარტვილშიც გაიხსნა „დინამოს“ აკადემიის ფილიალი. არის კიდევ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის, ზუგდიდის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში გახსნილი აკადემიები, მაგრამ ეს სხვა სპეციფიკაა. ამჯერად საკლუბო სტრუქტურაზე ვსაუბრობთ.
ამ წერილში კი ლისაბონის „სპორტინგის“ აკადემიის შესახებ მოგითხრობთ, რომელსაც ორი ოქროს ბურთის მფლობელი (ფიგუ და კრიშტიანუ რონალდუ), მრავალი ევროპის ჩემპიონი და კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა სინჯის მედალ-თასების მომგებები აღუზრდია. საინტერესოა მათი ფილოსოფია, მეთოდები და საერთოდ ყველაფერი.
„მომისმიმეთ, – ამბობს აკადემიის მწვრთნელი მიგელ მირანდა, – მესი ერთადერთია და განუმეორებელი, მაგრამ რონალდუ? ის აქ კუნძულიდან (მადეირა) ჩამოვიდა არაფრის მქონე. გამხდარი ბიჭუნა იყო ცუდი ჩვევებით. მცველების მოტყუება უყვარდა. ახლა ის ნამდვილი კაცია – მხეცი. დიდი ხანია მაგალითისთვის ვიყენებთ. აკადემიის ყველა კუნჭულში სპორტული დარბაზიდან დაწყებული, ფსიქოლოგიის ოთახით და გასახდელებით დამთავრებული, ყველგან მისი სული ტრიალებს. მან დიდი მსხვერპლი გაიღო სანამ ისეთი გახდებოდა.“
აკადემიის ბავშვების ვარჯიშის ცქერისას, თვალში მოგხვდებათ განაპირა თავდამსხმელების თავისუფალი მოქმედება.
„კრიშტიანუ, ფიგუ, ნანი, კუარეჟმა – ყოველთვის ფრთის მოთამაშეეებს ვანიჭებდით აქ უპირატესობას. ასეთი წესი გვაქვს: მწვრთნელები ცენტრის მოთამაშეებს ზღუდავენ, განაპირებს კი აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებენ ბურთის ფლობისა თუ კრეატული გადაწყვეტილებების დროს. ჩვენს აკადემიას “თავისუფალი მხატვრების“ შექმნის უკვე დიდი ისტორია აქვს.
10 ჩვენი ბიჭი მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ევრო 2016-ის 23 კაციან განაცხადში, რომელმაც კონტინენტის პირველობა მოიგო. რვა მათგანმა ფრანგებთან ფინალური მატჩი სასტარტოში დაიწყო. გვიყვარს შემოქმედი ფეხბურთელები.
„სპორტინგი“ პირველი პორტუგალიური კლუბია, რომელმაც აკადემია გახსნა. მალე მის მაგალითს „ბენფიკამ“ და „პორტუმაც“ მიბაძეს. აკადემიის კულტურა დიდებული რამ გახლავთ. ახლა დაახლოებით ისეთივე სტრუქტურა გვაქვს, როგორიც ვთქვათ, „ბარსელონას“ „ლა მასია“ ან „აიაქსის“ „დე კუმსტი.“ ასეთები სამხრეთ ამერიკაშიც არსებობს.
მაგალითად, 15 წლის ასაკში „მზა პროდუქტს,“ გამხდარ, მოუქნელ ბავშვებს ვარჩევთ, რომლებშიც პერსპექტივას ვხედავთ. ამის ჩინებული მაგალითი კრიშტიანუა. არ გვინდა 14 წლის პროფესიონალები. გვირჩევნია პროფესიონალები 20 წლის ასაკში გახდნენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფიზიკურ განვითარებას რაც შეეხება, ბავშვებს სამ თვეში ერხელ ვუტარებთ გამოკვლევებს და სრულად ვფლობთ მათი ორგანიზმის განვითარების სურათს.“
აურელიუ პერეირა დიდი ხანია ნიჭიერი ბავშვების გადმობირების ოსტატია აკადემიაში. მის თვალწინ გაიხსნენ ფიგუ, პაულუ ფუტრე, სიმაო სამბროსა, ჟოაუ მოუტინიუ, რიკარდუ კუარეჟმა, ნანი და სხვები, მგრამ რონალდუ სულ სხვაა.
70 წლის აურელიუს თვალები უბრწყინავს, როცა კრიშტიანუზე საუბრობს. იმ დროს იხსენებს, როცა მის წონას სუსტი ფეხები ძლივს უძლებდა და პატარა ბიჭი აკადემიის გარეთ, გულმოდგინედ საათობით დარბოდა ქუჩაში, რათა ძალა და სისწრაფე მომატებოდა.
„როცა ბავშვები გარედან მოგვყავს აკადემიაში, იმ წუთიდან ვიღებთ პასუხისმგებელობას მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, ვარწმუნებთ, რომ ერთხელაც მათაც შეუძლიათ დიდი ფეხბურთელები და ადამიანები გახდნენ. ვპოულობთ ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამის მიხედვით ვმუშაობთ მათთან.“
სპორტინგელები ამბობენ, რომ ფეხბურთელებთან განსაკუთრებული მიდგომა აქვთ. ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ მცველმა ერიკ დაიერმა სწორედ „სპორტინგის“ აკადემიაში მიიღო საფეხბურთო განათლება და ძალიან საინტერესო ამბებს ყვება.
„თავაზიანად, ღირსეულად გექცევიან და გაგრძნობინებენ – საჭირო ადამიანი ხარ. არასდროს გაგიბრაზდებიან თუ შეცდომა დაუშვი, ყვირილზე ხომ საუბარი ზედმეტია. მიაჩნიათ. რომ კარგი მოთამაშე თავად მიხვდება რაში შეცდა. ინგლისში გადასვლისას კი შევამჩნიე, რომ მწვრთნელები ფეხბურთელებს შეცდომებზე მაშინვე, მინდორზევე მიუთითებენ. ასეთ შემთხვევაში პორტუგალიაში მწვრთნელი ადგილზე ზის და ხმას არ იღებს. როცა თავად ხვდები რა შეგეშალა, მერე თამაში გაცილებით უკეთ გესმის. ჩემთვის ცუდი ფეხბურთელობს ნიშანი ისაა, ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ რომ გაიმეორებს.
მირანდას მიაჩნია, რომ ბავშვის ყოველდღიური სწორი განვითარება, ვიმეორებთ – ყოველდღიური – ჯამში სამომავლოდ დიდ ეფექტს იძლევა: “სწორი ცხოვრების წესი გადამწყვეტია. დიეტა, ძილი, ვარჯიში. უამისოდ წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია.“ – ამბობს სეუ მიგელი.
აი, ასე…