ზუსტად აღარ მახსოვს, 1984 თუ 85 წელი იყო. გახურებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია. თბილისის ,,დინამო“ კრიზისშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როგორც თითქმის ყველა ბიჭუნა, მეც ბურთს დავდევდი და ,,დინამოს“ იქით ვერაფერს ვხედავდი. მაისის თვე იდგა, წვიმდა. წინადღეს ბიჭები გაგვაფრთხილეს, ხვალ ,,დინამო“ მოსკოვის ,,ტორპედოს“ ეთამაშება, ხუთ საათზე სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შევიკრიბებით, ,,აუტჩიკები“ იქნებითო. ,,აუტჩიკები“? – წამოვიძახეთ, შევხტით, გაგვიხარდა. იწყება თამაში და ბავშვებს ისიც ვერ გაგვირკვევია, ვინ კარს უკან დადგება, ვინ შუაში, მოედნის კუთხეში… ერთ ამბავში ვართ. ყველას ,,ტორპედოს“ მეკარის უკან გვირჩევნია. როგორც იქნა, სტადიონის რომელიღაც თანამშრომელმა გაგვანაწილა. აღმოსავლეთ ტრიბუნისკენ გამიშვეს. პირველ ტაიმში ,,დინამოს“ მარჯვენა მცველს, უმეტესად კი ,,ტორპედოს“ ნახევარმცველს ვაწვდიდი ბურთს. ხალხით სავსე ტრიბუნასთან ახლოს ვიყავი და რამდენჯერმე ნალაპარაკევი ჩამესმა ყურში – ხედავ, კიდევ არ დააყენა, რას ერჩის, ათამაშოს, ,,კრაი“ არ გვყავს, ვერ მოვიგებთ ამ თამაშს – ქომაგები ერთმანეთს ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ და ვხვდებოდი, მიხეილ მესხზე, ,,დინამოს“ გარემარბზე ამბობდნენ. ჩამთავრდა პირველი ტაიმი, გოლი არ გასულა. შესვენებაა, ჩვენ, ბიჭები, მინდორზე ვთამაშობთ და ამ დროს, ლამის დაინგრა თითქმის გადაჭედილი, მაშინდელი ლენინის სახელობის სტადიონი. გაკვირვებულებმა ბურთაობა შევწყვიტეთ – ბიჭი, ბიჭი, გადმომიგდე ეგ ბურთი, ჩემს თანაგუნდელს გასძახა ლურჯ მაისურაში გამოწყობილმა. ერთი–ორი აკენწლა, გაიქცა. ჩვენ პირდაღებულნი შევცქერით – მესხია, მესხი – ყურში ჩამჩურჩულებს ჩემი კბილა.

ბადრი კეთილაძის ფოტო

რამდენიმე წუთში მეორე ტაიმიც დაიწყო. აბა, ,,აუტჩიკის“ იმ ადგილს სხვას როგორ გავუცვლიდი? სულ ორიოდ მეტრიდან ვუყურებდი, როგორ აბითურებდა დინამოელთა 14 ნომერი რუს მცველს. წარმოიდგინეთ ჩემი ბავშვური სიხარული. მოვიდა, მიშა! – შეუძახებდნენ ტრიბუნიდან. ისიც მორიგ ფინტს გაუკეთებდა მცველს და მეტოქის კარისკენ გაქანდებოდა. მერე ის საბრალო გამოცვალეს, თუმცა მის შემცვლელსაც შავი დღე დაადგა. მომე, მომე გენაცვალე, მალე – მინდვრის განაპირას იდგა დინამოელი და მაჩქარებდა. მეც გავრბოდი და თვალებგაფართოებულ, გულაჩქარებულ, გალუმპულ მიხეილ მესხს გადავუგდებდი ბურთს. ერთიორჯერ ისიც მივაძახე, ხომ გაიტან გოლს–მეთქი, თვალს ჩამიკრავდა, გავიტანო.

იმ თამაშში ვერ გაიტანა, 0:0 დამთავრდა. მატჩის მერე თავზე ხელი გადამისვა, სხვა დროს გავიტანო, ღიმილით მითხრა. გაიტანა, თანაც არა ერთი და ორი. გაიტანა, მაგრამ… მთელი მატჩიც უთამაშია, მაგრამ… უნიჭიერესი იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის მედალიც აქვს, თუმცა… მან დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა. ვერც მამას გაუტოლდა, დიდ მიხეილ მესხს.

და შეხვედრა მეორე, პირისპირ. ის ბიჭი, 15 წლის წინ, წვიმიან საღამოს, თბილისის ,,დინამოს“ მე–14 ნომერს გოლის გატანას რომ სთხოვდა, აუტში გადავარდნილ ბურთს უბრუნებდა, ,,დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზეა, გაჭაღარავებულ, თმაშეთხელებულ 40 წელს მიტანებულ კაცთან ერთად ჩამოსაჯდომს ეძებს…

– აი, აქ დავსხდეთ.

– როგორც იტყვით, დავსხდეთ.

– ჩემს ბიჭს, პატარა მიშას წუთიწუთზე ვარჯიში ეწყება. რა ვიცი, მგონი ნიჭიერია, თუმცა მესხს როგორ შეიძლება ფეხბურთის ნიჭი არ ჰქონდეს. მეც ვთქვი რა… გისმენ, დავიწყოთ.

– შვილის ყოველ ვარჯიშს ესწრებით?

– ვცდილობ, მაქსიმალური ყურადღება მივაქციო, ჭკუა დავარიგო. საშუალება თუ მაქვს, მის ვარჯიშს არ ვაცდენ. ჩემი მეგობრები არიან მწვრთნელები და მათთან ვარჯიშობს.

– ,,ავაზაში“ რატომ არ დაგყავთ?

– რა ვიცი აბა. თავიდანვე ,,დინამოს“ სპორტსკოლაში მოვიყვანე. ახლა იქით გადავიყვანო, რა აზრი აქვს?

– თავად ხომ ,,ავაზაში“ ვარჯიშობდით? როგორც ვიცი, გვიან მისულხართ ფეხბურთზე.

– ჰო, მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს მამაჩემი მეუბნებოდა, რაღა დროს შენი ფეხბურთიაო. მანამდე ეზოს ბიჭებთან ქუჩაში ვთამაშობდი. მივედი ,,ავაზაში“ და ვარჯიში ერთი კვირის დაწყებული მქონდა, სპორტის სასახლეში რაღაც მინიტურნირი რომ ჩატარდა. მეც მათამაშეს და ბომბარდირი გავხდი. მწვრთნელებმა სერიოზულად შემომხედეს. მეორე წელსაც ვითამაშეთ სპორტის სასახლეში, ყველაზე მეტი გოლი ისევ მე გავიტანე. ამის შემდეგ აღარც მახსოვს, იმდენი პრიზი დავიმსახურე. ტურნირი არ იქნებოდა, ხან საუკეთესო ფეხბურთელად, სხვებზე ტექნიკურად არ დავესახელებინე ორგანიზატორებს. მხოლოდ ის მიკვირდა, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს გუნდში რატომ არ ავყავდი. მერეღა მივხვდი მიზეზს – მწვრთნელები თავს იზღვევდნენ. მათ ჩემზე ეუბნებოდნენ, როდის რას გააკეთებს კაცმა არ იცისო. იმასაც კი ამბობდნენ, მამამისზე მაგარი გაიზრდებაო, მაგრამ… ერთი სიტყვით ჭაბუკობაში ,,ავაზაში“ ვთამაშობდი.

მიხეილ მესხი მცველებს იოლად უსწორდებოდა

– მერე, პირდაპირ თბილისის ,,დინამოში“?

– არა, ,,ავაზადან“ რომ წამოვედი, ერთი წელი მთლად უსაქმოდ ვიყავი. ეზო და სახლი – ჩემთვის სხვა არაფერი იყო. შინ მაკითხავდნენ სხვადასხვა გუნდის მწვრთნელები. ყველას უკან ვაბრუნებდი. მიხეილ მესხის შვილი ,,დინამოს“ გარდა სხვაგან არსად ვითამაშებდი. ,,ავაზადან“ ერთი წლის წამოსული ვიყავი, სახლში რომ დამირეკეს, ნოდარ ახალკაცმა თქვა, ხვალ 12 საათზე დიღმის ბაზაზე მოვიდესო.

მივედი. არც კედები მაქვს, არც სპორტული ტანსაცმელი, საერთოდ, არაფერი. ერთი წელი არაფერი გამიკეთებია და შინ ვერაფერი ვნახე. შემოვედი აქ და ,,ავაზაში“ ჩემი თანაგუნდელები იაგო ჟორჟიკაშვილი, ვაჟა ჟვანია და ნუკრი კაკილაშვილი დამხვდნენ. ზოგმა რა მათხოვა, ზოგმა რა. წელსზემოთ, თუ გახსოვთ, სამმანეთიანი ფიზკულტურის ფორმა რომ იყო, ისეთი მაცვია. მოკლე მაქვს, ჭიპი მიჩანს.

გავედით სავარჯიშოდ და რას ვხედავ – კედელს, ქუჩის მხრიდან ჩემი შეყვარებული მოსგომია, თავი შევნიშნე. წინადღით, ვიდრე ,,დინამოდან“ დამიკავშირდებოდნენ, იმ გოგონას, ახლა რომ ჩემი მეუღლეა, პაემანი კინო ,,თბილისთან“ დავუთქვი პირველ საათზე. მას კი გაუგია ,,დინამოში“ ჩემი აყვანის ამბავი და ადრე მოსულა, მიყურებს. ნოდარ ახალკაცმა, კაი ხნის უვარჯიშებელი ხარ და მიდი, მოედანს 40–ჯერ შემოურბინეო, მითხრა. რა ვქნა აღარ ვიცი, იმ კედლის გასწვრივ სირბილი არ გინდა? სხვები ,,ადიდასებში“ არიან გამოწყობილნი, მე ჭიპს ვერ ვმალავ, არადა შეყვარებული მიყურებს. ავდექი და ნახევარმთვარის ფორმით დავიწყე სირბილი, კედლისკენ არც ვიყურები. ცალი თვალი ახალკაცისკენ მაქვს, აშკარად ვატყობ, გიჟია ეს ბიჭიო, ფიქრობს.

დამთავრდა პირველი ვარჯიში და მწვრთნელთან ოთახში შევედი – საქმე მაქვს–მეთქი, ვუთხარი. რა საქმეო, მიპასუხა. სპორტული სამოსი მომეცით, მრცხვენია ამ ფორმაში ვარჯიში – ვეუბნები. ,,ფარსადანოვიჩმა“ გაკვირვებულმა შემომხედა. როგორი საქმეა, ნაკრების ფეხბურთელები ორ სიტყვას ზედიზედ ვერ უბედავენ, მე კი პირველსავე დღეს ჩასაცმელს ვთხოვ. ადგა, მომიახლოვდა, ხელი მომკიდა. შემაბრუნ–შემომაბრუნა, დამხედა და… ძალიან დიდი საჯდომი გაქვს, შენი ზომა სამოსი არ გვაქვსო, მითხრა და სკამისკენ წავიდა. ქუჩიდან მისულს მეუბნება ასეთ რამეს, მეც არც ვაციე, არც ვაცხელე, ვისაც ჩვენში უფრო დიდი საჯდომი აქვს, იმის… მაშინ რა ვიცოდი, რას ვამბობდი, როგორ ვცდებოდი. ეს მთელს კარიერას უდრიდა თბილისის ,„დინამოში“. დღეს ვფიქრობ, ეგებ გაჩუმება სჯობდა–მეთქი, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ტიპი ვიყავი და ასეთად დავრჩი.

– ახალკაცმა რა გიპასუხათ?

– არაფერი, ზურგი შემაქცია. ამის პასუხი რამდენიმე წლის წინ გამცა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. თავის იუბილეზე დამპატიჟა. ,,დინამოდან“ რამდენიმე ფეხბურთელი ვიყავით. სწორედ მაშინ, 17–18 წლის შემდეგ გაიხსენა ეს ამბავი. რატომ მითხარი ეგრეო, მკითხა. რა მეპასუხა, არ ვიცოდი. მიიღებ შენ სპორტულ ფორმასო, დამშვიდობებისას მომაძახა. მეორე დღეს შინ ეროვნული ნაკრების ადმინისტრატორმა ,,ადიდასის“ სამოსის მთელი კომპლექტი მომიტანა. მიდი ახლა და გაიგე დიდი ადამიანებისა. ახალკაცი გენიალური პიროვნება იყო.

ის რომ ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტი იყო და საქმიანობას უწუნებდნენ, მეცინებოდა. ფედერაციის პრეზიდენტობა ფარსადანოვიჩისთვის ისეთივე იოლი საქმე გახლდათ, როგორიც, დავუშვათ, ილია ჭავჭავაძისთვის პირველი სკოლის დირექტორობა იქნებოდა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად იმასაც გეტყვით რომ, როგორც ფეხბურთელი, სწორედ მან დამღუპა.

– მხოლოდ მან? თავისთვის არაფერი დაგიკლიათ?

– ძალიან ცოტა. მინდოდა, დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ საშუალება არ მომცეს. ჩემს არასტაბილურობაზე რომ ლაპარაკობენ, მითხარით ერთი, სტაბილურობა რას მოაქვს? თამაშს, პრაქტიკას, არა? მე კი არ მახსოვს, ორჯერ ზედიზედ ძირითადში დავეყენებინეთ. არამარტო ახალკაცს, ყიფიანიც იგივეს მიკეთებდა.

მიხეილ მესხი და მიხეილ მესხი                                                                                                                                 ბადრი კეთილაძის ფოტო

– კეთილი, მაგის თაობაზე კიდევ გკითხავთ. ახალკაცს ასეთი სიტყვები რომ უთხარით, თქვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?

– წელიწადზე მეტი 16 კაცში მოხვედრა სანატრელი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ახალკაცი თავისთან მიბარებს. მაშინ მე და მერაბ ჟორდანიას გვქონდა ყველაზე დაბალი ხელფასი – 60 მანეთი. მიბარებს და მეუბნება, თითქმის ყველაზე მაღალ ხელფასს გინიშნავ, მიდი ახლა ადმინისტრატორთან, სპორტული ფორმა, ფული გამოართვი და ორი ფოტოსურათი მიეციო. რა ხდება–მეთქი, ვკითხე. 1982 წელია.

ბელგიაში შენც წამოხვალ, ,,სტანდარდის“ წინააღმდეგ უნდა გათამაშოო, მპასუხობს. გავამეორებინე, ყურებს არ დავუჯერე. არც მერე მჯეროდა, თვითმფრინავში რომ ჩავსხედით. წარმოიდგინეთ, 16 კაცში ვერ ვხვდები და მოულოდნელად ,,სტანდარდის“ წინააღმდეგ?.. ჩავდით ბელგიაში, ჭკუაზე არა ვარ, ვფიქრობ ძირითადში დამაყენებს თუ რამდენ წუთს მათამაშებს–მეთქი. დაასახელა შემადგენლობა, ჩემი გვარი არ წაუკითხავს, თუმცა განაცხადში ვარ. შესვენებაზე მითხრა გაიხადეო.

დაიწყო მეორე ტაიმი. შიშისგან, ნერვიულობისგან ვკანკალებ. ასეთი დონის თამაშები ტელევიზორში თუ მენახა, უცებ კი მონაწილე გავხდი. 15-20 წუთი დაბნეული ვიყავი, რას ვაკეთებდი არ ვიცოდი. მერე ცოტა დავმშვიდდი და გერეტსი, მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი მცველი, ორჯერ გავაცურე, ჩვენებური ,,მესხოვსკი“ გავუკეთე. ის კაცი მანამ და მერეც მოტყუებული არ მენახა. სამწუხაროდ, ბელგიაშიც წავაგეთ. მგონი, ახალკაცი შეცდა, თავიდანვე უნდა ვეთამაშებინე. მეორე ტაიმში ის მღელვარება გადამივლიდა, შევეგუებოდი იქაურობას.

დავბრუნდით თბილისში და ვფიქრობ მორჩა, ძირითადის კაცი ვარ–მეთქი. ჩამოდის დონეცკის ,,შახტარი“. ასახელებს შემადგენლობას ახალკაცი. სადაა მესხი? სათადარიგოებში. ტაიმი 0:2 წავაგეთ. გასახდელში შემოდის და სვანაძეს კაკილაშვილით ცვლის, მე კი ჩემს ადგილას მაყენებს. ნუკრის ეუბნება, მიშა ფეხში მოგთხოვს პასს, ფეხში მიეცი, გაქცეული მოგთხოვს, გაქცეულს მიეცი, ტრიბუნიდან მოგთხოვს, ტრიბუნაზე დააწიე ბურთიო. მერე მე მომიტრიალდა, შენ კიდევ ახლა გახვალ მინდორზე და ამ თამაშს მოიგებო. გავედი მოედანზე. ერთი გოლი გავიტანე, ერთიც გრიშა ცაავას გავატანინე. საბოლოოდ 2:2 მორჩა ის თამაში. ჩამოდის კრასნოდარის ,,ყუბანი“. ძირითადში ისევ არ ვარ. პირველი ტაიმის მერე კი 4:1 ვიგებთ. ვუყურებ ახალკაცს სახეში, არაფერი მესმის, მათამაშოს რა მოხდება? 4:1–ია ანგარიში. არა, ბოლომდე სკამზე დამტოვა. ასეთ მაგალითებს კიდევ ბევრს გეტყვით…

ჟურნალი „სარბიელი“. N2, 04.2000

გაგრძელება იხილეთ მომდევნო გვერდზე.