რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ ოთხი თვეა, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელ ტიტეს უკვე შეუძლია ზუსტად დაასახელოს თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობა. UOL Esportes-თვის მიცემულ ინტერვიუში ტიტემ ის თერთმეტი კაცი ჩამოთვალა, რომელიც E ჯგუფის პირველ შეხვედრაში, შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშებს: ალისონი; მარსელო, მირანდა, მარკინიოსი, დანი ალვეში; პაულინიო, რენატო აუგუსტო, კაზემირო; ნეიმარი, კოუტინიუ, გაბრიელ ჟესუსი.
ჩამოთვლილთა გარდა ტიტემ ის ოთხი ფეხბურთელიც დაასახელა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად გაემგზავრება, მაგრამ ჯერჯერობით თერთმეტეულში არ მოიაზრება. ესენია, ლივერპულელი რობერტო ფირმინო, ტიაგო სილვა „პარი სენ ჟერმენიდან”, ფერნანდინიო „მანჩესტერ სიტიდან” და „ჩელსის” ვილიანი.
ამრიგად, ბრაზილიის ნაკრებში რვა ვაკანსიაა, რომლისთვისაც სხვებთან ერთად იბრძვიან „მანჩესტერ სიტის” ედერსონი და დანილო, „ჩელსის” დავიდ ლუისი, ტოტენჰემელი ლუკას მოურა, იუვენტუსელები დუგლას კოშტა და ალექს სანდრო, „ატლეტიკოს” ფილიპე ლუისი, „ბაიერნის” რაფინია და ნალდო „შაკლედან”.
„ნალდო ის მოთამაშეა, რომელიც მახსოვს და რომელსაც ვაკვირდები. დაცვის ცენტრი ჯერ არ მყავს სრულად დაკომპლექტებული”, — უთხრა გერმანულ „კიკერს” ტიტემ.