გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო.
შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის საყვარელ თუ, ნაცნობ სახეობას ეძებ, გთხოვ, გადართე ფეხბურთზე, მითუმეტეს, რომ ამის საშუალება უკვე გაქვს. დაიწყო შენი ლიგის თამაშები.
როდესაც შაბათ-კვირას შენი ოჯახობის გართობას გადაწვეტ – იყიდი პოპკორნს, ორ ბოცა კოკა-კოლას, მრავალ ჰამბურგერს, ჩიზბურგერს, ვეჯიბურგერს და ასიოდ კოლოფ პიცას, რათა ეს ყველაფერი ბეისბოლის მატჩის მსვლელობისას მიირთვა სტადიონზე, დაფიქრდი.
ერთხელ, ერთხელ მაინც (ნუ, პირდაპირ ძალიან გთხოვ) წაასხი შვილები იმ სტადიონზე, სადაც ფეხბურთს თამაშობენ. არ დაიწუნო ფეხბურთი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ერთადერთი შესვენება აქვს, რომ ამდენი ბურთი არ გადის, რამდენიც სხვაგან, რომ შენს მიერ ნაყიდი ხორაგეულის შეჭმა შეიძლება ვერც მოასწრო, რომ არ არის წუთშესვენებები და არ იცი არცერთი ფეხბურთელის გვარი.
ეგებ მიეჩვიო და თანაც მიხვდე, რომ ბურთის გორების ეს სახეობა სულ სხვა რამ არის, ვიდრე მხოლოდ თამაში და სპორტი და ამიტომაც გადარეულა მთელი მსოფლიო.
განა არ ვიცი? ლათინურფესვიან ამერიკელებს ფეხბურთი არ ესწავლებათ და ამ ახალ ლიგაშიც უამრავი ლათინი თამაშობს. აგე, სან-ხოსეშიც ხომ გაიჭედა სტადიონი, მაგრამ შენ, ვთქვათ, ბლუმინგტონელო ამერიკელო, არ იცი, რა არის ფეხბურთი. ბლუმინგტონის ტევადობის ქალაქს კი ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, თუნდ აზიაში და ჯანდაბას, აფრიკაშიც, ბარე ოცი სხვადასხვა დონის და ასაკის გუნდი ჰყავს.
ფეხბურთი იქ სახალხო რამ არის და მოგახსენებთ: ფეხბურთს არ სჭირდება ტაფელა, არც ჩაფხუტი და ყვანჯი, არც კალათი და მითუმეტეს არც ორმეტრიანი სიმაღლე. ფეხბურთს ყოფნის ოთხი აგური და ბურთი.
განა არ ვიცი, თქვენს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ფეხბურთის სექციებიც არსებობს. ერთი იქ ნასწავლი თბილისელი ბიჭი მიამბობდა: მითხრეს, სპორტის რომელიმე სექციაში უნდა ჩაეწეროო (ჩვენებური ფიზკულტურა) სია რომ ვნახე, ფეხბურთი ავირჩიე, იოლად ჩავთვლი, რაც მე ბურთი მიგორებიაო.
ვარჯიშებზე რომ მისულა, თურმე იქ თავმოყრილი ბიჭები დარტყმას სწავლობდნენ. ამასაც აუღია და „ბაჩოკით“ უგლეჯია. მწვრთნელს უთქვამს, ეგრე დარტყმის უფლება არავის მოუცია, ჭვინტით (ნასოკი) დარტყმას ვსწავლობთო. ჩვენებურს კი უპასუხია, ეგ დარტყმა სასირცხვილოა. თუკი სხვა გამოსავალი არა გაქვს, და მომენტი თუ არ მოითხოვს, არ უნდა შეასრულოო.
მწვრთნელს უშველებელი წიგნი მიუცია. აი, ამის მიხედვით უნდა ვისწავლოთ ფეხბურთიო. შენ კიდევ, ჯერ აქედან შეისწავლე დარტყმის რაობა და შემდეგ დაგიშვებ ვარჯიშებზეო.
შემდეგ ის იყო, რომ ეს ჩემი ნაცნობი ცურვაზე გადავიდა.
ძვირფასო, ჩვეულებრივო ამერიკელო, წიგნით ფეხბურთს ვერ ისწავლი. თუ ისწავლი და უხეიროდა გამოვა. ფეხბურთი ჯერ ჯიგარში უნდა მოგხვდეს. ამიტომ, თუ შენ არ მიგიწევს გული, შვილები მაინც გაუშვი სტადიონზე.
ამერიკაში იყო ლიგა, იქ თამაშობდნენ პელე, ბეკენბაუერი, კრუიფი, კინალია და სხვანი, სტადიონები სავსე იყო, მაგრამ ლიგა დაიხურა. იმიტომ, რომ ფეხბურთი სულს ისე ვერ გაეკარა, როგორც საჭიროა.
ახლაც გაიხსნა ლიგა – შეუშვით ფეხბურთი ჯიგარში.
სირცხვილია ბოლოსდაბოლოს.

12.04.1996

წილი
წინა სტატიაგუდრონა ძია და ფრენკ ლამპარდი
შემდეგი სტატიაჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.