შაბათს „მანჩესტერ სიტიმ” პრემიერშიფში „ლესტერს” 5:1 რომ მოუგო, სამი საგოლე პასი 26 წლის ბელგიელმა მაესტრომ, კევინ დე ბრუინმა ჩააწოდა. ამ მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი ცხრილს 16 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით. არც კუნ აგუეროზე გავაგრძელებთ სიტყვას მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლი გაიტანა, რადგან ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გადაადგილებებითა და მოედნის ხედვით მეტოქის ნახევარდაცვასა და დაცვას თავგზა აურია, დე ბრუინი იყო.

„ეტიჰედზე” შესრულებულმა სამმა საგოლე პასმა „სანს” სტატისტიკის საღერღელი აუშალა. ინგლისურმა ტაბლოიდმა დათვალა, რომ 2012-13 წლების სეზონიდან მოყოლებული დე ბრუინი ევროპაში მოთამაშე ვარსკვლავთა შორის საუკეთესო ასისტენტია. „სანმა” არ ჩათვალა სიყმაწვილის წლები, რომლებიც ბელგიელმა „გენკში” გაატარა — დათვლა „ვერდერიდან” დაიწყო ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც დე ბრუინი გაიხსნა და ლიდერად ჩამოყალიბდა. მას მერე ნახევარმცველს ჰქონდა როგორც კარგი ასევე ცუდი პერიოდები: ვერ შეეგუა მოურინიუს „ჩელსის”, „ვერდერში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მერე ბედი „ვოლფსბურგში” სცადა და ბოლოს „სიტიში” გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან 176 თამაშში 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.

190 თამაშიდან 76 პასით „სანის” ცხრილში მეორე ადგილზე ასევე გვარდიოლას სკოლაგავლილი ლეო მესია, ხოლო მესამე გახლავთ სესკ ფაბრეგასი — 189 შეხვედრაში 65 პასი.